ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. ხოფერია რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ შემოთავაზება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძისგან მიიღო, რამდენიმე დღის ფიქრის შემდეგ კი დათანხმდა.
„ვფიქრობ, შემოთავაზების წინაპირობა იყო ის პროექტი, რომელიც ჩვენმა ჟურნალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად დავიწყეთ – “მე აფხაზეთისთვის”. მისი მიზანი იყო ახალი სახეების აღმოჩენა, მათზე დაწერა. მას შემდეგ რამდენიმე ხანში შემომთავაზა რუსლან აბაშიძემ ეს თანამდებობა. დავთანხმდი, რადგან რთული დროის და დიდი გამოწვევის მიუხედავად, მინდა გუნდთან ერთად ბევრი კარგი გავაკეთო. ჩემთვის აფხაზეთის თემა უცხო არ არის, რადგან ჩემი მშობლები არიან იქიდან და დღესაც მყავს აფხაზეთში ნათესავები. ცოტ-ცოტაც ჩემი ჟურნალისტური გამოცდილებიდან გამომდინარე ყველა თემასთან დაკავშირებით მქონდა შეხება და მონდომებული ვარ, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ“,– ამბობს ხოფერია რადიო თავისუფლებასთან.
მისივე განცხადებით, დღეს სამინისტროში მივა, სადაც თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგენენ.