ეკონომიკის სამინისტრო მიესალმება საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე.
ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ “სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ვითარების ესკალაცია” და რიონის ხეობის მცველების მოთხოვნების კატეგორიული ტონი. მათი თქმთ, ეს არ ტოვებს ადგილს დიალოგისა და პოზიციების დაახლოებისთვის.
“დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ცივილიზებულ სამყაროში, რომლის ნაწილიც არის საქართველო, მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სადავო საკითხების მოგვარება. იმედი გვაქვს, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, თანხმობას განაცხადებენ დიალოგზე და ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მთელი საზოგადოების ინტერესებში იქნება და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას”,– აცხადებს სამინისტრო.
თურნავას უწყება განმარტავს, რომ მათ არ შეუწყვეტიათ დიალოგი და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია სამეცნიერო და ექსპერტული ჯგუფებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული კვლევების შესწავლის კუთხით.
“ვფიქრობთ, ამ ფორმატით ურთიერთობამ უფრო გამჭვირვალე გახადა ამ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის განხორციელების პროცესი. იმედი გვაქვს, რომ კვლევების შესწავლის შემდეგ პროფესიულ საზოგადოებაში აღარ იქნება შეკითხვები „ნამახვანი ჰესის“ უსაფრთხოების შესახებ. აღნიშნული პროცესი პოზიციების საბოლოო შეჯერებამდე გაგრძელდება”,-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რიონის ხეობის მცველები ნათია თურნავასთან დიალოგზე უარს ამბობენ და მის გადადგომას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ პრემიერთან გამართავენ შეხვედრას.