პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს 5 კითხვით მიმართა. მან გუშინ თქვა, რომ ენმ-სთვის 5 კითხვა ჰქონდა მომზადებული და პარლამენტში მათ ელოდებოდა, რათა “თვალებში ჩაეხედა” და ისინი დაესვა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მან ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას შემდეგი კითხვებით მიმართა:
-
“ხელფასის მიღმა არ ამიღია არცერთი თეთრი. ისე გამზარდეს, რომ მეზიზღება კორუფცია და ყველა, ვინც არის მექრთამე და ჩართული კორუფციაში. მაგრამ თქვენ იკადრეთ და ფულის აღება დამაბრალეთ მე. ხოდა, ახლა გეკითხებით, თქვენც ხომ შემოხვედით, თქვენც აიღეთ ფული ბიძინა ივანიშვილისგან?
-
კრიტიკაც გამიგია, ლანძღვაც, ჯერ ხომ ადამიანები ვართ?! მამისტოლა კაცს ბათუმში, თქვენი ლაწირაკი აქტივისტები რომ გაეკიდნენ და ნაგვის ყუთი თავზე ჩამოამხეს, იმ კაცისთვის მაინც ბოდიშის მოხდას არ აპირებთ? თუ კიდევ კმაყოფილები ხართ იმ საქციელით? საერთოდ არ ვიცნობ ბატონ ჩავლეიშვილს, მაგრამ მან მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება – ადგა და შევიდა აჭარის უმაღლეს საბჭოში, თქვენ კიდევ როგორ მოექეცით.
-
შეთანხმებას თქვენ ხელი არ მოაწერეთ, არადა ამ შეთანხმებით თქვენი ლიდერი გამოვიდა და სხვა, ვის გამოშვებასაც ასევე ითხოვდით – გიორგი რურუა. კრიზისი განიმუხტა, პარლამენტმა ფუნქციონირება დაიწყო, ამ შეთანხმების შედეგად გაგეხსნათ გზა, რომ შემოსულიყავით. იქ წერია, რომ საარჩევნო რეფორმა უნდა გატარდეს, მართლმსაჯულების რეფორმა წერია, ამას თქვენ ხელს არ აწერთ, აქ რისთვის შემოხვედით? ეს კითხვა მქონდა, მაგრამ აკო მინაშვილმა თქვა, რომ 4 თვე გვაქვს, რომ ამოვატრიალოთ, ვადამდელი დავნიშნოთო.
-
ეს პარლამენტი ლეგიტიმურია თუ არ არის ლეგიტიმური? თუ ლეგიტიმური არ არის, აბა, რატომ სხედხართ? 2 წუთს რატომ ითხოვთ კითხვის დასმისთვის, 1 წუთს – დაზუსტებისთვის, საერთოდ აქ რას აკეთებთ?
-
სააკაშვილმა რომ გითხარათ, ახლა გამოდითო, გახვალთ ხვალ? ეს არის ბოლო კითხვა. სანამ იმან არ გითხრათ და მწვანე შუქი არ აგინთოთ, მანამდე რომ ფეხს ვერ დგამდით აქ და ყველას რომ შეურაცხყოფას აყენებდით”,– ჰკითხა ელისაშვილმა ენმ-ს დეპუტატებს.