” ელისაშვილის ქცევა მიმართულია იმისკენ, რომ დაიშალოს ოპოზიციური ერთობა” – ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” პარტია “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
“მე ვერ ვიტყოდი, რომ მათ გარდა არავის არ უნდა შეთანხმება, უბრალოდ მათ გარდა არავის არ უნდა პარლამენტში შესვლა. დანარჩენ ოპოზიციონერებს აინტერესებთ და გვაინტერესებს ვადამდელი არჩევნები. ამ ადამიანებისთვის მთავარი არის არა ვადამდელი არჩევნები, არამედ ნებისმიერ ფასად პარლამენტში შესვლა და შესაბამისად, ეძებენ ყველანაირ გზას, რომ როგორმე გაათეთრონ თავიანთი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ესმით ძალიან კარგად რომ მათი ოპოზიციონერობა საბოლოოდ დამთავრდება იმ დღეს, როდესაც ისინი პარლამენტში შევლენ სხვა ოპოზიციური პარტიების გარეშე. ზოგადად ძალიან სასაცილო და კომიკურია, როდესაც ოპოზიციას ოპოზიცია სთავაზობს წინადადებებს და არა ხელისუფლება. სიმართლე, რომ გითხრათ მე ელისაშვილის ოპოზიციონერობა არც არასოდეს მჯეროდა იმიტომ, რომ არასდროს არ იყო გულწრფელი, ვხედავდი ბევრ რამეს, მათ შორის, იმასაც როგორ ეხმარებოდა მას “ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის წინა არჩევნებზე და მისი ქცევით საბოლოოდ დაადასტურა, რომ ის არ არის რეალური ოპოზიციონერი. მისი ქცევა მიმართულია იმისკენ, რომ დაიშალოს ოპოზიციური ერთობა და ის თამაშობს ბიძინა ივანიშვილის თამაშს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.