ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ტარიფის ზრდით ენერგოკომპანიები უკმაყოფილოები არიან, რადგან არ მოხდა მათ მიერ წარდგენილი ყველა ხარჯის გათვალისწინება.
ნარმანია ირწმუნება, რომ სემეკი “ობიექტური აუცილებლობიდან გამოვიდა” და არ გაცდა დადგენილ წესებსა და პრინციპებს.
სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, კომისიამ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში “საკმაოდ სიღრმისეულად” შეისწავლა კომპანიების მიერ წარდგენილი სატარიფო განაცხადები.
“ამ ეტაპისთვის, ჩემი აზრით, მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება“. თელასისა და ენერგო-პრო ჯორჯიასთვის ჯამში, აუდიტის შედეგად, 30 მლნ ლარზე მეტი არ იქნა გათვალისწინებული. გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო დადასტურებული დოკუმენტურად, ჩვენი აუდიტის წესების მიხედვით, ასევე არ ითვალისწინებდა მეთოდოლოგია ტარიფში ამ ყველაფრის ასახვას.
მხოლოდ აუცილებელი პროექტები დავტოვეთ, რომელიც ელექტროენერგიის უსაფრთხო და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ დადგენილი მეთოდოლოგიით და სპეციალური ფორმულით დავიანგარიშეთ ტარიფები”,– ამბობს ნარმანია საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.
მისივე მტკიცებით, თუ სემეკი კომპანიების ყველა ხარჯს და პროექტს გაითვალისწინებდა, ტარიფი მინიმუმ 1.5-ჯერ გაიზრდებოდა.
ცნობისთვის, დენის ტარიფი მოქალაქეებისთვის 3.5 თეთრით, ხოლო კომპანიებისთვის 11 თეთრით გაძვირდა.