ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახლადარჩეულმა თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ენმ ამჟამად პოლიტიკურ პროფილაქტიკაშია და მაქსიმუმ, იანვრის ბოლოს მწყობრში, მთავარ პოლიტიკურ მაგისტრალზე დადგება.
“ნაციონალური მოძრაობა ამჟამად პოლიტიკურ პროფილაქტიკაშია რემონტზე, მაქსიმუმ იანვრის ბოლოს გამოვა დაბერილი საბურავებით, შესწორებული ყველა ნაწილით რომელიც იყო ავარიული, მწყობრში მოყვანილი მანქანა დადგება მთავარ პოლიტიკურ მაგისტრალზე, პირველივე დღიდან ამ ყველაფერში დარწმუნდება საზოგადოება”, – განაცხადა ნიკა მელიამ “ღამის მთავარში”
მისივე თქმით, პარტიაში მოვლენ საჭირო ადამიანები და სპეციალურად არ იყენებს ტერმინს “ახალი სახეები”, რადგან ეს პანაცეა არ არის.
“ჩვენ ვერ გადავხალისდით ისე, როგორც ეს საჭირო იყო, მე განგებ არ ვიყენებ ფრაზას “ახალი სახეები”, ახალი სახეები არაა პანაცეა, მე ვიტყოდი ასე – საჭირო ადამიანები – არა მაინცდამაინც ცნობადი სახეები, – ასეთებს იხილავენ იანვარში ბევრს ენმ-ს მხარდამჭერები, რომლებიც თავად იტყვიან, რატყმ გადაწყვტეს ახლა შემოერთებოდნენ ამ მართლც უნიკალურ გაერთიანებას, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს უახლეს ისტორიაში”, -თქვა ენმ-ს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
ნიკა მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ გასულ კვირას ღია, ფეისბუქ კენჭისყრით აირჩიეს. ნიკა მელიამ ხმების 64.9% მიიღო, მისი კონკურენტი ლევან ვარშალომიძე იყო. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები მას შემდეგ გაიმართა, რაც გრიგოლ ვაშაძემ თანამდებობა დატოვა.