ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას კვლავ დესტრუქციული ქმედებებისთვის მზადებაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ოპოზიციას წინასაარჩევნოდ ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები ჰყავს მობილიზებული.
კობახიძის თქმით, პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში.
“პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე. ახლახანს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც მათ მიერ დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული”, – განაცხადა კობახიძემ.