დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 16 იანვრიდან შეზღუდვების შემსუბუქება ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.
მისი განმარტებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სერიოზულია.
“წინასწარ ვერაფერს გეტყვით, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. 1 143 შემთხვევა, რაც დღეს გვაქვს, გუშინ გვქონდა ორიათასი, შემთხვევების ეს რაოდენობა ჩვენი ქვეყნისთვის არ გახლავთ ცოტა, ეს სერიოზული ციფრია, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივეცემით თვიდამშვიდებას, თითქოს ქვეყანაში ვითარება კარგია და შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. არა, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სერიოზული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ის სერიოზულად გაუმჯობესდა, მაინც მოითხოვს ღრმა ანალიზს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, ნუ ავჩქარდებით“, – ამბობს გამყრელიძე პირველ არხთან.
მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც 2020 წლის 26 ნოემბერს გამოიცა, 2021 წლის 16 იანვრიდან უნდა აღდგეს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა, თუმცა შაბათ-კვირის გარდა. ვინაიდან 16 და 17 იანვარი შაბათ-კვირაა, მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსების მუშაობა 18 იანვრიდან უნდა განახლდეს.