ერეკლე მეფის მოღალატედ გამოცხადებას მორალური ასპექტი აქვს, ისტორიული მოვლენის შესამეცნებლად არ გამოდგება–ზურაბ კიკნაძე

პროფესორი ზურაბ კიკნაძე მეფე ერეკლე მეორესთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიას ვრცელი სტატუსით უერთდება და აანალიზებს იმ პერიოდს, როცა საქართველომ რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატი გააფორმა. მისი აზრით, ერეკლე მეფე ვერ განჭვრეტდა, რა პროცესები შეიძლებოდა განვითარებულიყო მოგვიანებით და 1801 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია ტრაქტატს არ უკავშირდება. ზურაბ კიკნაძის აზრით ერეკლე მეფის მოღალატედ გამოცხადებას მორალური ასპექტი აქვს, ისტორიული მოვლენის შესამეცნებლად არ გამოდგება:

„მოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ…“

ისტორიული მოვლენების შეფასებაში ამ ბოლო დროს თავი იჩინა ე. წ. მომხდარის შემდგომმა ან მომხდარიდან გამომდინარე წინასწარმეტყველებამ (vaticinium post eventum = ex eventum), როცა საუკუნეების წინ მომხდარი მოვლენის ავ-კარგს განვიხილავთ იმ ისტორიული ცოდნის საფუძველზე, რომელიც ამ მოვლენის შემდეგ დაგროვდა. ცხადია, მოვლენის შემფასებელი ამ ცოდნის გამო პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება იმათ მიმართ, ვინც ამ მოვლენის გამომწვევი ნაბიჯი გადადგეს. ის პირი ისტორიული პროცესის დასაწყისშია, ჩვენ კი მის ბოლოს ვიმყოფებით, ისტორიულ პროცესში დაგროვილი ცოდნით შეიარაღებულნი, ჩვენს წინაშეა მას შემდეგ განვითარებული მოვლენები და ჩვენ ვიწვნევთ იმ ნაბიჯის შედეგებს.

ჩვენს მიმართ ამ შემთხვევაში სასაყვედური არაფერია, ისტორიული სიმართლე ჩვენს მხარეზეა. ისტორიული მოვლენები იმიტომ არსებობს, რომ გავითვალისწინოთ ისინი. მაგრამ როცა ჩვენ იმ ისტორიული მოვლენის აქტორს ვსაყვედურობთ, რატომ ვერ იწინასწარმეტყველა მოწევნადი, საყვედური გაუმართლებელია, როგორც ეთიკურად, ისე ისტორიულად. ეთიკურად იმიტომ, რომ აქტორი წინასწარმეტყველი არ არის და ჩვენ მისგან შეუძლებელს მოვითხოვთ; ისტორიულად იმიტომ, რომ აქტორი იმ ისტორიულ სინამდვილეში არ იმყოფება, საიდანაც ჩვენ ვსაყვედურობთ მას. ყოველი ისტორიული მომენტის უნიკალურობის გამო ისტორიკოსის ვალია ამ უნიკალურობის საკუთარ გამოცდილებად განცდა და ამ განცდით მოვლენის შეფასება.

მეფე ერეკლე, იესეიან-დავითიან-სოლომონიან დინასტიის მეფე, წინასწარმეტყველი არ ყოფილი და არც არავინ მოელოდა მისგან ამას. წინასწარმეტყველი არც ის ბაგრატოანი მეფე ყოფილა, რომელიც „მესიის მახვილის“ წოდებას ატარებდა. არ გვყოლია ჩვენ ჩვენი ისტორიული ცხოვრების თანამდევი, ანი და ჰოეს განმჭვრეტი სული, რომელიც აგვაშორებდა ბევრ შეცდომას, თუკი მის vaticinium-ს ვირწმუნებდით. არ გვყოლია იერემია, ისრაელის სამეფოს რომ მოევლინა გადამწყვეტ მომენტში, მაგრამ ხალხმა არ ირწმუნა მისი. რაც არ სურდათ, არ ირწმუნეს. ერეკლე მეფის მოღალატედ გამოცხადებას მორალური ასპექტი აქვს, ისტორიული მოვლენის შესამეცნებლად არ გამოდგება. ამ ბრალდებას არ ვეხებით. დაე, ჰქონდეს ნებისმიერ პირს, ვინც არ უნდა იყოს იგი, ამგვარი შეფასების უფლება. ეს მისი პასუხისმგებლობაა.

მოღალტეობის სარჩულად მიჩნეულია პოლიტიკური დანაშაული, რომელიც თითქოს მეფემ რუსეთის იმპერიასთან ქვეშევრდომობის ტრაქტატის დადებით ჩაიდინა. თუ რიგითი ქართველისთვის მიუწვდომელია ტრაქტატის შინაარსი, ღვთის მადლით, გვყავს ისტორიკოსები, რომელთაც კარგად იციან რა წერია ორ ენაზე ჩამოყალიბებულ გეორგიევსკის ტრაქტატში. ქვეტექსტების გარეშე საქართველოს სამეფო (ლაპარაკია ქართლ-კახეთზე) თავისი საზღვრებით, მოსახლეობით, თავადაზნაურობის პრივილეგიების შენარჩუნებით (რუსეთის თვადაზნაურობასთან სამართლებრივად გაიგივებით), შედის რუსეთი იმპერიის მფარველობაში. ვალდებულებანი ორმხრივია: რუსეთი ვალდებულია გარეშე მტრებისგან დაიცვას ქვეყანა და მისი საზღვრები; საქართველო ვალდებულია გაატაროს რუსეთის საგარეო პოლიტიკა. საეკლესიო საკითხი ღიად არის დარჩენილი (ან ბუნდოვნად ფორმულირებული). ცნობილია, რომ რუსეთში პეტრეს შემდგომ საპატრიარქო გაუქმებულია, ეკლესიას სამოქალაქო უწყება „უწმინდესი სინოდის“ სახელით განაგებს.

ტრაქტატში სამარცხვინო არაფერი წერია. შესაძლოა, ვინმეს დღევანდელი გადმოსახედიდან სძულდეს იგი, სიძულვილი მის შინაარსს ვერ შეცვლის(აღსანიშნავი კი არის, რომ ჩვენში კარგა ხანია სიძულვილი პოლიტიკის ენაა). ის რაც 1801 წელს მოხდა სამეფოს გაუქმებისა და ანექსიის სახით, ქვეყნის გუბერბიად გადაქცევა, მართლაც საძულველია, მაგრამ ამ აქტს კავშირი არა აქვს ტრაქტატთან.

ეს აქტი უკანონო იყო მაშინ, არღვევდა ტრაქტატის პრინციპებს, და უკანონოა დღესაც, თუმცა წარსულს ეკუთვნის, მაგრამ წარსული დავიწყებული არ არის. სამეფოს გაუქმება ისტორიული ბოროტებაა, მაგრამ ვინ არის ამაში დამნაშავე. მხოლოდ ერთი მხარე რუსეთი? ცნობილია, რომ პავლე პირველმა გიორგი მეთორმეტის სიცოცხლეშივე მის მემკვიდრედ რეგენტის სტატუსში დავით ბატონიშვილი დაამტკიცა, მაგრამ მოკლე ხანში გადაწყვეტილება შეიცვალა, სამეფო გააუქმა.

ქართველ თავადაზნაურობას შეეძლო გაემეფებინა დავით ბატონიშვილი, მაგრამ მისი მეფობა არ მიიღეს მეზალიანსის მიზეზით _ მისი მეუღლე, ელენე აბამელიქი, სამეფო გვარის ასული არ იყო, სომხის თავადაზნაურობას ეკუთვნოდა. ქართველობის მხრიდან ამ უარისყოფით თუ ყოყმანით, თუ პასიურობით ისარგებლა რუსეთის ხელისუფლებამ. თუ ღალატზე მიდგება საქმე, ღალატის ნიშნები აქ უნდა ვეძიოთ, მეფე ერეკლე არაფერ შუაშია. ტრაქტატის დადების მომენტში მას სამეფოს მომავალი გაუქმების მოლოდინი არ უნდა ჰქონებოდა.

რა აუცილებლობამ გამოიწვია ტრაქტატი? იმედია, მეფე ერეკლეს პოლიტიკური თვალსაწიერი თანამედროვე ისტორიკოსთა თვალსაწიერზე ვიწრო არ იქნებოდა. ის რუსეთის იმპერიის ძლევამოსილი წინსვლისა და გაფართოების მოწმე იყო, ევროპის ქვეყნებისგან შეწევნის დაპირებაც არ ყოფილა, არც მოელოდა ტერიტორიული სიშორის გამოც; სხვა ძალა, რომელსაც შეეძლო ქართველთა უკიდურესად დამცრობილი სამეფო დაეცვათ მუსლიმური აგრესიისგან და მფარველობისგან, იმდროინდელ მსოფლიოში არ არსებობდა. ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ეს შეეძლო და სურვილიც ჰქონდა, ქრისტიანული რუსეთი იყო.

დღეს აჩემებული იარლიყის _ „რუსეთი ერთმორწმუნე არ არის“ მეთვრამეტე საუკუნეში გადატანა ანაქრონიზმია, თუმცა დღეს ის ორ ქრისტიანულ ქვეყანას შორის რეალურ ვითარებას გამოხატავს, რაც სარწმუნოების პოლიტიკურ ასპექტში ხედვის შედეგია (ასე დასჩემდა ისტორიულ ქრისტიანობას, მეტწილად ამ აღრევის შედეგია დიდი და მცირე სქიზმები, ეკლესიათა შორის „გაბუტვები“, ევქარისტული კავშირის გაწყვეტის სახით და სხვა ურთიერთგაუგებრობები).

რუსეთმა შეიერთა ჯერ ქართლ-კახეთი, მერე მთელი დასავლეთ საქართველო, მეტიც, მოგვიანებით ოსმალეთს წაართვა სამხრეთის რეგიონები და თავის იმპერიაში მოაქცია, ფაქტიურად საქართველოს შემოუერთა (ასე იყო აღქმული ეს მოვლენა, რასაც იმჟამინდელი პრესა მოწმობს). ერთმანეთისგან გაუცხოებულ, მტრად გადაკიდებულ სამთავროებში საერთოს სისხლმა იდინა, ქვეყანამ რეალურად აღიდგინა „საქართველოს“ სახელწოდება. ტრაქტატისადმი ივანე ჯავახიშვილის უარყოფით დამოკიდებულებას იმოწმებენ, მაგრამ ივანე ჯავახიშვილი ვერ უგულებელჰყოფდა ამ ერთ სასიკეთო შედეგს _ საქართველოს ტერიტორიულ გამთლიანებას თავის ისტორიულ საზღვრებში, რასაც ირან-ოსმალეთი ცალ-ცალკე ვერ მოახერხებდნენ: სხვადასხვა სახელმწიფოს ორი ვასალური ქვეყანა როგორ გაერთიანდებოდა? ამავე მიზეზით ვერ შეძლო მეფე ერეკლემაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთი მეფობის ქვეშ მოქცევა. იმოწმებენ ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისას“, მაგრამ ხომ ამავე ავტორს ეკუთვნის მოგვიანებით დაწერილი „საფლავი მეფის ირაკლისა“ (1842), რომელიც იწყება სიტყვებით: „მოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო“. მეხუთე სტროფში კი ვკითხულობთ: „სადაც აქამდინ ხმლით და ძალით ჰფლობდა ქართველი, მუნ სამშვიდობო მოქალაქის მართავს აწ ხელი!“ ვისმე შეუძლია დღეს უარჰყოს ეს სიტყვები?“ – წერს პროფესორი ზურაბ კიკნაძე.