ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ ყვარელში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახლში საარჩევნო ხედვის პრეზენტაცია გამართა, სადაც კოალიცია ”ერთიანობის” ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ 5-პუნქტიანი საარჩევნო გეგმა წარადგინა.
- ევროკავშირიში გაწევრიანება;
- შემოსავლების ზრდა;
- პენსიონერების დაცვა;
- ძლიერი ოჯახი;
- ფასების მონოპოლიის დასრულება.
“ხელისუფლების ცვლილებისთანავე ნაციონალური მოძრაობა კოალიციურ პარტნიორებთან ერთად გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და საქართველო გახდება ევროკავშირის ამაყი, ღირსეული, სრულფასოვანი წევრი.
გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების მომენტიდან საქართველოს ეხსენება უდიდესი ფინანსური შესაძლებლობები – მათ შორის წვდომა 14 მილიარდიან ევროპულ ფონდზე.
არჩევნებში გამარჯვებისთანავე, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა გააუქმებს რუსულ კანონს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აკარგვინებს მილიონობით დოლარს და ევროს.
ჩვენ გავაფორმებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და აუცილებლად მივიღებთ უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის”. – თქვა თინათინ ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას.
ბოკუჩავამ ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო გეგმის შემდგომ პრიორიტეტებად დასაქმების სფეროს გაუმჯობესება და საპენსიო სესხების განულება დაასახელა.
“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის მეორე საპროგრამო პრიორიტეტი არის დასაქმება და მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის.
ჩვენი მესამე პრიორიტეტი არის პენსიონერების დაცვა – ქართული ოცნების 12 წლიანმა მმართველობამ მოიტანა უკიდურესი უთანასწორობა, სადაც საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, პენსიონერები ივანიშვილის საბანკო დიქტატურის პირობებში 4-ჯერ მძიმე საბანკო ტვირთს ატარებენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა – ეს არის დიდი უსამართლობა, რომელიც ჩვენ უნდა დავასრულოთ.
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენ გავანულებთ საპენსიო სესხებს, ასევე ვიმუშავებთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან იმისთვის, რომ გავზარდოთ პენსიები.[…]
ჩვენ ვპირდებით ყველა მშობელს, რომ არცერთ ბავშვს, არცერთ საჯარო სკოლაში აღარ შეაწუხებს შიმშილის გრძნობა გაკვეთილზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ გავზარდოთ და გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი საჯარო სკოლებში.
ჩვენ ვპირდებით ყველა სტუდენტს, რომ ჩვენ ჩავდებთ დიდ ინვესტიციას საერთო საცხოვრებლების მშენებლობაში”. – თქვა ბოკუჩავამ.