ეს არის “ოცნების” პოლიტიკის კრახი! – ხოშტარია ე.წ. რეფერენდუმზე

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმიანება ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი ლიდერის განცხადებას, რომ შესაძლოა რუსეთთან შესაერთებლად რეგიონში რეფერენდუმი ჩატარდეს.

მისი შეფასებით, ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა “მავნებლური” განცხადება გააკეთა, რომ “ეს არაფერს არ ნიშნავს”.

ხოშტარიას თქმით, ანექსიის საფრთხის შესახებ განცხადებები არაერთხელ გაკეთებულა, თუმცა დღევანდელი ვითარება არსებითად განსხვავებულია – “ეს ხდება ღია აგრესიისა და რუსეთის წაგების პირას ყოფნის პირობებში და საქართველოს მთავრობა არის მარტო დარჩენილი დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე საკუთარი პრორუსული და ანტიუკრაინული პოლიტიკის გამო”.

მისივე შეფასებით, ხელისუფლების არგაღიზიანების პოლიტიკამ კრახი განიცადა.

“ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი სახელმწიფოსთვის და თუ ამაზე არ ლაპარაკოს მთავრობა, ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვილაპარაკოთ და უნდა ვიბრძოლოთ, რომ არ დავუშვათ ჩვენი ტერიტორიების ანექსია. ეს არის კრახი ქართული ოცნების პოლიტიკის, რომელიც თითქოს არის არგაღიზიანების პოლიტიკა, სინამდვილეში ჩვენი სუვერენიტეტის დათმობის პოლიტიკაა”,– თქვა ხოშტარიამ ბრიფინგზე.

ის ხელისუფლებას აფრთხილებს, თუ კიდევ ერთხელ გადაკვეთენ წითელ ხაზს, მიიღებენ ძალიან მძიმე და მტკიცე პროტესტს.

ცნობისთვის, გუშინ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტმა თქვა, რომ მიიღებს სამართლებრივ ზომებს რუსეთთან შესაერთებლად, კერძოდ, ოკუპირებულ რეგიონში შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო მინისტრი და მას მიუღებელი უწოდა. მისივე განმარტებით, რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა.