ეს იგივეა, ფეხბურთის გუნდმა მეორეს უთხრას, ყველაზე კარგი მოთამაშეები გაიყვანეო – წიკლაური ვაშაძეზე

ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ კარგი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკას დატოვებს. წიკლაურის შეფასებით, ეს იგივეა, ერთმა საფეხბურთმა გუნდმა მეორეს თხოვოს, ყველაზე კარგად მოთამაშე ფეხბურთელები თამაშიდან გაიყვანოს.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკური ფიგურაა და მსგავსი მიმართვები ერთიანობის სულისკვეთებას ხელს არ უწყობს.

„პოლიტიკოსებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ არ გამოჩნდნენ იმაზე კომიკურები, ვიდრე სინამდვილეში არიან. ნებისმიერი მოწოდება სხვა პოლიტიკური ძალის, პოლიტიკური ფიგურის მიმართ, რომ აღარ იყოს ჩართული პოლიტიკაში, არ მგონია, რამეს მატებდეს ამ სიტყვიების წარმომთქმელს. ყოველ შემთხვევაში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს უთქვამს და არც მომავალში არავის ეტყვის, რომ დატოვს პოლიტიკური სივრცე მხოლოდ იმიტომ, რომ მან მოიპოვა 10-ჯერ მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ამ სიტყვების წარმომთქმელმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, მიხეილ სააკაშვილი არის მართლაც უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკური ფიგურა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამიტომ ამ ტიპის მიმართვები ერთი მხრივ, მეტყველებს ასეთი განცხადებების გამომთქმელების არასერიოზულობაზე და მეორე მხრივ, არანაიარად არ უწყობს ხელს ერთიანობის იმ სულისკვეთებას, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ცდილობს ყველანაირად, რომ შეინარჩუნოს“,- განაცხადა წიკლაურმა პალიტრანიუსის ეთერში.

ცნობისთვის, „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „თუკი მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება.