ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა ბოლო რამდენიმე დღეა იკლებს.
“ეს ომი ვირუსის წინააღმდეგ, სრული გამარჯვებით დასრულდება, ცეცხლი კონტროლირებადი ხდება“ – განაცხადა ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, თითქმის ცარიელი პარლამენტის წინაშე ონლაინ რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას. 300 ესპანელი დეპუტატი დისტანციურ რეჟიმში მუშაობს.
გარდაცვალების შემთხვევების ორდღიანი მატების შემდეგ, ხუთშაბათს, ბოლო 24 საათის მონაცემებით, სიკვდილიანობა 683-მდე შემცირდა. სულ, ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსით ესპანეთში 15 238 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 152 446 აღწევს.
საგანგებო მდგომარეობა ესპანეთში 26 აპრილამდე გაგრძელდება. პედრო სანჩესმა ეკონომიკურ სტრატეგიაზეც ისაუბრა და პოლიტიკურ მხარეებს ეკონომიკური და სოციალური რეკონსტრუქციის პაქტი შესთავაზა, რომელიც 1977 წლის “მონკლოას პაქტითაა“ შთაგონებული. ეს მოდელი ესპანეთმა დიქტატორ ფრანკოს მმართველობის შემდეგ, დემოკრატიული განვითარების გზაზე გადასვლისას გამოიყენა.
მთავარი ოპოზიციური ძალის, „სახალხო პარტიის“ ლიდერი პრემიერის განცხადებას სკეპტიკურად უყურებს. პაბლო კასადო ამბობს, რომ პედრო სანჩეს პაქტის შეთავაზებისთვის საკმარისი მორალური ავტორიტეტი არ აქვს.
განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ოპოზიციურიმა ძალამ მხარი დაუჭირა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადების გახანგრძლივებას.