მადრიდი დამსვენებლებს მოუწოდებს, ივლისიდან ესპანეთს ესტუმრონ. ქვეყანაში საზღვრები მარტიდან დაკეტილია. მთავრობა აცხადებს, რომ ეს შეზღუდვა პირველ ივლისს მოიხსნება.
„ივლისში ჩვენ ესპანეთს ეტაპობრივად გავიხსნით საერთაშორისო ტურისტებისთვის, კარანტინს გავაუქმებთ და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტს უზრუნველვყოფთ. მოველით რომ გიმასპინძლებთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა არანჩა გონსალეს ლაიამ.
ესპანეთს ყოველწლიურად 80 მილიონი ადამიანი სტუმრობს. ტურიზმის სექტორი მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტია. ტურისტული სეზონი ესპანეთის შანსია შეამციროს მოსალოდნელი ეკონომიკური რეცესიის ეფექტები. თუმცა, ბიზნესები წელს ტურისტული სექტორის გაუმჯობესებას სკეპტიკურად უყურებენ.
მადრიდსა და ბარსელონაში რესტორნები და ბარები გაიხსნა, მაგრამ შეზღუდული რაოდენობის ხალხით. ამავდროულად, მცირე ბიზნესების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ გახსნის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე შეზღუდული მომხმარებლით მიღებული შემოსავალი, ამიტომ ისინი დახურულნი რჩებიან.