“ესტონეთის პრეზიდენტის ნათქვამი ჩვენი ურთიერთობების მეგობრულ ხასიათს არ შეესაბამება” – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ ესტონეთის პრეზიდენტის განცხადება უკრაინის და ესტონეთის ურთიერთობების მეგობრულ ხასიათს არ შეესაბამება.
“დაახლოებით 20 წლის წინ დასავლეთის ქვეყნებმა იმავე მენტორული ტონით უთხრეს ესტონელებს, ლიეტუველებს და ლატვიელებს: თქვენ ჯერ კიდევ გჭირდებათ 20-30 წელი ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად, მომწიფებისთვის. ჩემთვის ძალიან უცნაური იყო ამ სიტყვების მოსმენა ესტონეთის პრეზიდენტისგან. ეს განცხადებები არ შეესაბამება ჩვენი ურთიერთობის მეგობრულ ხასიათს. არ ვიცი, რამ იქონია მასზე გავლენა. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ და ასეთ განცხადებებს შეუსაბამოდ ვთვლით, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ ის ცოტა ხნის წინ უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც გულწრფელად მივიღეთ.
ჩვენ ჩვენი პოზიცია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და უკრაინაში ესტონეთის საელჩოს მივაწოდეთ. მივიჩნევთ, რომ მსგავსი რამ მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან არ უნდა ისმოდეს. ესტონეთი და უკრაინა კი, რა თქმა უნდა, მეგობრები და პარტნიორები არიან”. – განაცხადა დმიტრო კულებამ.