ეუთო/ოდირი ითხოვს ცვლილებების შეჩერებას – ლომჯარია ინსპექტორზე

სახალხო დამცველის განცხადებით, 2 თებერვალს ეუთო/ოდირს ოფიციალურად მიმართეს თხოვნით, წარმოედგინათ მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე.

ნინო ლომჯარიას თქმით, 18 თებერავლს ეუთო/ოდირისგან დაჩქარებული წესით მომზადებული დოკუმენტი მიიღეს.

ომბუდსმენის განცხადებით, ეუთო ხაზგასმით ითხოვს, რომ განხორციელებული საკანომდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს, რაც ეფუძნება იმას, რომ ის პროცესი, როგორც წარიმართა ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, ეწინააღმდეგება საერთაშორისო ადამიანის უფლებების სამართალს, დამოუკიდებელი ინსტიტუტების რეგულირების არსებულ სტანდარტებს.

“ასევე ეუთო/ოდირს მიაჩნია, რომ პარლამენტმა დაარღვია დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის სტანდარტები, როდესაც დაჩქარებული წესით, ყოველგვარი ჩართულობის გარეშე მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეუთო/ ოდირი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას, შეიძლება ძალიან დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე და ასევე სხვა დამოკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობაზე, მათ შორის, ახლადშექმნილ სამსახურებზე.

ასევე, მეორე მთავარი არგუმენტი არის ის, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, სახელმწიფოს რეკომენდაციას აძლევს, მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორსა და მის მოადგილეებს შეუნარჩუნდეთ უფლებამოსილება და უფლებამოსილების ვადაში ისინი დარჩნენ თანამდებობაზე”,– აცხადებს ლომჯარია.

მისივე თქმით, საკონსიტუტიციო სასამართლოს ერთი კვირა დარჩა, რათა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შეაჩეროს ამ კანონის მოქმედება.