”დღეს ჩემი მისვლის მიზეზი იყო ის რომ, ბოლო პერიოდში ძალიან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით. ჩავთვალე საჭიროდ საკუთარი თვალით მენახა და გავსაუბრებოდი სამედიცინო პერსონალს. ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე იყო ის ვითარება რაც დამხვდა. შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელიც, რადგან მე მყავს მიხეილ სააკაშვილი ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში ნანახი, როცა ის ხანგრძლივად შიმშილობდა 50 დღის განმავლობაში. ასეთ მდგომარეობაში ის არასდროს ყოფილა. სიტუაცია ნამდვილად არაა სახუმარო. არ ვარ ექიმი და დიაგნოზს ვერ დავსვამ, მაგრამ რაც ვნახე ის არის ძალიან მძიმე პაციენტი, რომელსაც არ შეუძლია სიარული, თითქმის 2 თვეა მწოლიარე მდგომარეობაშია, არ შეუძლია დაჯდომა, ძალიან მცირე დოზებით და არასაკმარისად იკვებება, აქვს სიცხეები რამდენიმე თვეა, უჭირს საუბარი. ძალიან ხანმოკლე კომუნიკაცია გვქონდა, რადგან ის ძალიან მალე იღლებოდა და უჭირდა საუბარი. ექიმებმაც დამიდასტურეს, რომ მისი მდგომარეობა დინამიკაში უარესდება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია… დღეს მდგომარეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც მას აღწერს გარემოცვა და ოჯახის წევრები, სრულად შეესაბამება რეალობას და ის არის საკმაოდ მძიმე.”
ამის შესახებ, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.