ექსპერტიზით, ნარკოტიკული საშუალების პაკეტზე კაციას თითის კვალი არ გამოვლინდა – ადვოკატი

რეჟიმის პატიმრის,  ნიკა კაციას ადვოკატის, ნინა ლომინაძე განცხადებით, ჩაატარეს ალტერნატიული ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ პაკეტზე, რომლის ფლობასაც კაციას ედავებიან, მისი თითი ანაბეჭდები არ ამოვიდა. ექსპერტიზამ არ გამოავლინა კაციას ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალების კვალი.

“დაცვის მხარეს დანიშნული ჰქონდა ალტერნატიული ექსპერტიზა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა [ანაბეჭდის კვალი] და  ნარკოლოგიური შემოწმება თმის ღერიდან. მივიღეთ დასკვნები, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ კაციას არ დაუდგინდა მოხმარების ფაქტი. ამასთან ერთად დაქტილოსკოპიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გადასაფუთ პაკეტზე თითის კვალი არ ამოვიდა.

აქედან გამომდინარე, დღევანდელი ეტაპი გულისხმობს, რომ წარვადგენთ ჩვენ სასამართლოზე ამ მტკიცებულებას, სასამართლო იმსჯელებს მის დასაშვებობაზე. საქმეში იცვლება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ნიკოლოზ კაცია ინფორმაციული პატაკის საფუძველზეა დაკავებული და მისი პირადი ჩხრეკა ჩატარდა, რადგან ამ ინფორმაციულ პატაკში მითითებული იყო, რომ ის იყო აქტიური მომხმარებელი და შესაბამისად, ამ მიზნით შეიძინა და ინახავდა უკანონოდ ნარკოტიკულ საშუალებებს.

[დასკვნა] ნიკოლოზ კაციას ამყარებს იმასთან დაკავშირებით, რომ მას როგორც მომხმარებელს, არაფერში არ სჭირდებოდა, ეს ნარკოტიკული საშუალება და როგორც ნიკოლოზ კაცია თავად აცხადებს, ეს ნარკოტიკული საშუალება მას ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა”. – ამბობს ადვოკატი ნინა ლომინაძე.