ეჭვებს აჩენს, ასეთი გადაწყვეტილების მიღება წინასაარჩევნოდ საფრთხილოა – ჯაში ახალ კანონპროექტზე

უმრავლესობის ყოფილი წევრი, მარიამ ჯაში ახალ კანონპროექტს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდველი ღონისძიებების გატარება შეეძლება.

მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება სერიოზულ ეჭვებს აჩენს და მისი მიღება წინასაარჩევნოდ საფრთხილოა, რადგან მთავრობას გარკვეული მანიპულირების საშუალებას აძლევს.

,,პირველ რიგში, შეუძლებელია დავა იმაზე, რომ უპირველესი არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზნები. სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა ძალიან მცირე დრო დღევანდელ ბიურომდე, რომ შევსულიყავით დეტალურ განხილვაში. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სფეროს ვემსახურებოდი ჩემი პროფესიული გზის უდიდესი ნაწილი, ეს გადაწყვეტილება, პირველი შეხედვით, რეალურად აჩენს სერიოზულ ეჭვებს.

ჩვენ ვნახეთ, რომ ხდებოდა გარკვეული პოლიტიზაცია კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მართვის დროს. არამხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც შეიმჩნეოდა ეს ტენდენციები. განსაკუთრებით საფრთხილოა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან ასეთი ცვლილებები ხელისუფლებებს გარკვეული მანიპულირების საშუალებას აძლევს. ამგვარად, ჩვენ რომ გვქონოდა რეგულარული კომუნიკაცია, პრემიერმინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის ანგარიშვალდებულება, NCDC-ისთან რეგულარული დიალოგის საშუალება საპარლამენტო სიტუაციაში, ამდენი შეკითხვა არ იქნებოდა”,– თქვა ჯაშმა.

გახარიას განმარტებით, პარლამენტს იმიტომ მიმართეს, რომ შეზღუდვები საჭიროა, თუმცა კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა – არა.

ხვალ ბიუროს სხდომაზე ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” ცვლილებებების პროექტის ინიცირება მოხდება, რაც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას შეზღუდვების გარეშე მისცემს.

პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრებს ღონისძიებებს, რომელიც ,,საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად”.