გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები კვირას, 30 აგვისტოს, 14:00 საათზე პროკურატურასთან აქციას აანონსებენ.
“ქართველებო და არაქართველებო! ვაანონსებთ აქციას კვირას, 2 საათზე, ორთაჭალის პროკურატურის შენობასთან. მე – დედა, თეონა თამაზაშვილი და მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მოგიწოდებთ ყველას, საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, დედებს და მამებს, დამიდექით გვერდით. თქვენ ვინც საზღვარგარეთ იმყოფებით, გამოხვიდეთ არსებული საელჩოების წინ და თანადგომა გამოგვიცხადოთ, რათა მოცემულ პირობას დაჰყვეს საქართველოში არსებული მთავრობა, აშშ-ში იქნეს გადაგზავნილი მოთხოვნა FBI საგამოძიებო ჯგუფის ჩამოსაყვანად, რადგან ჩემი შვილის, თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობა გამოძიებულ იქნას საფუძვლიანად. მოვუწოდებ თამუნას მეგობრებს, კლასელებს და კურსელებს, რადგან ახლა თამუნას სჭირდება თქვენი თანადგომა და მე მჯერა თქვენი თანადგომის. მოვუწოდებ ქართულ სამღვდელოებასა და საპატრიარქოს, რადგანაც თქვენ ყველანი უფლისგან დადგენილი ხართ გაჭირვების ჟამს დაუდგეთ ოჯახს გვერდით და უდიდესი სულგრძელებით და უფლის ძალით დავამხოთ ბოროტება, მკვლელები”,– წერს თეონა თამაზაშვილი ფეისბუქზე.
მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობას არავის შეარჩენს და მკვლელების თავზე “ჯოჯოხეთს დაატრიალებს”.
“გეშინოდეთ, მკვლელებო!!! რადგანაც გააფთრებულ დედაზე დიდი მტერი არ არსებობს ბუნებაში. ყველა დედა ჩემს გვერდითაა. ხო ზუსტად იმიტომ გავზარდეთ და ვასწავლეთ თამუნას, რომ მისი მეშვეობით მილიონები გეშოვათ თქვენი გაზულუქებული შვილების უზრუნველი ცხოვრებისთვის და მერე ჩემი კაფანდარა შვილი მოგეშორებინათ და ცივი სამარისთვის გაგემეტებინათ. ამჯერად არ შეგრჩებათ ჯალათებო. წამზომი ჩართულია და თქვენი წუთები დათვლილია. თქვენს თავზე საშინელ ჯოჯოხეთს დავატრიალებ. აგრეთვე, იმედი მაქვს არასამთავროების გამოხმაურების. არა მკვლელობას!!! სამაგალითო ჩაქოლვა სამ მაღალჩინოსან მკვლელს და მათ დამქაშებს. ჩვენთან არს ღმერთი და სიმართლე!!!”,– აცხადებს თამაზაშვილი.