საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა აგრძელებს “შრომას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის”.
მისი თქმით, ემზადებიან 2024–ში ოფიციალური განცხადების გასაკეთებლად.
„დღეს ევროკავშირის / შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების 4 წლისთავს აღვნიშნავთ. 2017 წლის მარტის ისტორიული გადაწყვეტილებით ევროკავშირმა და ევროპის ქვეყნებმა საქართველო სანდო და ღირსეულ პარტნიორად აღიარეს. ეს დემოკრატიის გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებისთვის ჩვენი ძალისხმევის, გატარებული რეფორმების უმაღლესი შეფასებაა. ამ უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენამ კიდევ უფრო დააახლოვა საქართველო ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახს და ახალი შესაძლებლობები გახსნა მის წინაშე.
დღემდე, საქართველოს მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა უვიზო მიმოსვლით ევროპის ქვეყნებში. ჩვენ ვაგრძელებთ შრომას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის და ვემზადებით 2024 წელს ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად; ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ, მაქსიმალურად ისარგებლოს ყველა სიკეთით, რაც ევროინტეგრაციას მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისათვის“, – აცხადებს ღარიბაშვილი.