ვადაგასულ შოკოლადს აკრავდნენ ახალი ვადის აღმნიშვნელ სტიკერებს და ყიდდნენ–დაკავებულია 2 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით დაკავებულია  ორი პირი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში შოკოლადის ნაწარმის რეალიზაციას ახდენდა.

სამსახურის ინფორმაციით ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის რეალიზაციისა და ჯგუფურად, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა ორი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვადასხვა დასახელების უცხოური წარმოების ვადაგასულ შოკოლადს, აკრავდნენ ახალი ვადის აღმნიშვნელ სტიკერებს, რის შემდეგაც ახდენდნენ მის რეალიზაციას თბილისის სავაჭრო ქსელში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულ იქნა ბრალდებულების მიერ რეალიზებული დიდი ოდენობით ვადაგასული შოკოლადი, რომელიც შეიცავდა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ მიკრო ორგანიზმებს.

დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით გადმოიტანეს დაახლოებით 85 000 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, რომელიც ასევე ამოღებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.

ეს ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე და 214-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთით 8-დან 11 წლამდე ვადით.