“ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცება ძალაუფლების მიტაცებაა”- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.
იქ, სადაც ქართულ ოცნებას არ აქვს უმრავლესობა, ვადაგასული საკრებულოებს დაამტკიცებინეს ბიუჯეტები, რაც, თავისი არსით, არის ძალაუფლების მიტაცება და ახალი მანდატის საკრებულოებისთვის სამომავლო საქმიანობაში განზრახ ხელის შეშლა. ბეჟაშვილმა ასევე აღნიშნა რომ ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, შესაბამისად, მომზადდება კონსტიტუციური სარჩელი.
სახეზე გვაქვს ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეთანხმებული მოქმედება. ამ პროცესში ცესკომ კიდევ ერთხელ შეასრულა არჩევნების შედეგების გამყალბებლის მთავარი როლი, ვინაიდან განზრახ და მიზანმიმართულად გააჭიანურა ახალი საკრებულოების სხდომის მოწვევის თარიღი, მაშინ, როცა არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ 13 ნოემბერს იყო შეჯამებული. შესაძლებელი იყო, აქამდე დანიშნულიყო ახალი საკრებულოების სხდომის თარიღი და მათ განეხორციელებინათ საბიუჯეტო უფლებამოსილება. ჩვენ, ბუნებრივია, ამ პროცესს წავიღებთ სასამართლოებში და აუცილებლად ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად მოხდება კონსტიტუციური წარდგინების მომზადება, ვინაიდან ჩვენ ეს პროცესი არ უნდა უგულებელვყოთ, თუ ქვეყანაში გვინდა სამართლიანობა და კანონიერება”. – თქვა მან.