“გირჩი – მეტი თავისუფლება”-ს ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს.
“ასეთი მასშტაბის კრიზისი როდესაც გაქვს, როცა მოსახლეობის ნახევრის მიერ არჩეული არც ერთი პოლიტიკოსი პარლამენტში არ შედის, გასაგებია, რომ კრიზისი ძალიან ღრმა არის და მისი განმუხტვის სტანდარტული გზაა ვადამდელი არჩევნები. რაც შეეხება იმას თუ როდის უნდა ჩატარდეს, ჩემი პოზიცია არის – რაც შეიძლება სწრაფად! უბრალოდ მოსაფიქრებელი არის და ჩემი აზრით, ახლა არის ამაზე ფიქრის დრო, თუ როგორ უნდა მივიდეთ მანდამდე”,– ამბობს ჯაფარიძე პალიტრანიუსის ეთერში.
მისი თქმით, რიგგარეშემდე მისვლის ორი გზა არსებობს: ერთი, თუ შედგა მოლაპარაკება და შეთანხმება, ხოლო მეორე – პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტა და “მაშინ სხვა გზით მივდივართ იმ რეალობამდე, როცა ივანიშვილი თმობს ძალაუფლებას და კარგ შემთხვევაში, ეს არის ვადამდელი არჩევნების გზით.”
ჯაფარიძის განმარტებით, მოფიქრებული არ აქვს, როგორ შეიძლება მეორე ვარიანტი განხორციელდეს, თუმცა, მისი აზრით, ეს განსხვავებული, ახალი ფორმისა და შინაარსის უნდა იყოს, რადგან ტრადიციული პროტესტის ფორმები “აღარ მუშაობს”.