ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოს მოქალაქეებისთვის ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი შენარჩუნების მიზეზს განმარტავს. მისი თქმით, მოქალაქეების მიმართ “მეტ სიფრთხილეს და ზრუნვას” იჩენენ.
თურნავას თქმით, ეს იმისთვის ხდება, რომ მოსახლეობა დაიცვან და “არ მოხდეს ის, რაც მოხდა სამი თვის წინ, როცა პანდემია იწყებოდა”.
“იგივე რომ არ მოხდეს, ჩვენივე ხარჯით, როგორც აქამდე უზრუნველყოფდით, კომფორტულად, აუცილებლად გავუშვებთ კარანტინში ორი კვირით.
ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ეს გავრცელდება ევროპის იმ ქვეყნების მოქალაქეებზეც, ვინც იმ ხუთი სახელმწიფოდან არ ჩამოდის. აქედან გამომდინარე, ეს არ არის მოქალაქეობასთან მიბმა და დისკრიმინაცია” – თქვა თურნავამ რუსთავი 2–ის ეთერში.
მინისტრი ხუთი ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეების არშემოწმებას შეთანხმების ვალდებულებებით ხსნის.
“ისინი არ ამოწმებენ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენ არ ვამოწმებთ მათ მოქალაქეებს, თუმცა, უკონტროლოდ არ ვტოვებთ – თერმოსკრინინგი ტარდება, ელექტრონული ფორმა ივსება, იმ შემთხვევაში თუ ამ ხუთი რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს ჩამოფრენამდე ბოლო 14 დღის ისტორიაში აქვს მოგზაურობა იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდემიოლოგებს კითხვის ნიშნები აქვთ, მათაც ვთავაზობთ სავალდებულო, ფასიან PCR ტესტს.
აქედან გამომდინარე, კონტროლი ხორციელდება. რატომ ხორციელდება უფრო მეტი კონტროლი, თან ჩვენს ხარჯზე საქართველოს მოქალაქეებზე – მარტივი პასუხია, ის ჩვენი მოქალაქეა, ვალდებულები ვართ, მეტი სიფრთხილე და მეტი ზრუნვა გამოვიჩინოთ საქართველოს მოქალაქის მიმართ, ნურავინ მიიღებს ამას სხვაგვარად, ეს არ არის ვინმეს უფლებების შეზღუდვა”,– განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებმა სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ მაშინაც, თუ ევროპის იმ 5 ქვეყნიდან შემოდიან, რომელსაც საზღვრები საქართველომ უპირობოდ გაუხსნა. 2 კვირიანი კარანტინი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეხებათ.