ვარაუდი, რომ მოსახლეობის მეტი ნაწილია ინფიცირებული, ვიდრე ვიცით, რეალურია – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ვარაუდი, რომ მოსახლოების იმაზე მეტი ნაწილია ინფიცირებული, ვიდრე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გვაქვს, რეალურია.

მისი თქმით, საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე სხვა ევროპის ქვეყნებში.

„საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა ცალსახად არის მცირე, განსაკუთრებით ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, 10-ჯერ, 15-ჯერ, 18-ჯერ მცირე. თუ ერთ მილიონ მოსახლეზე გადავითვლით ეს განსხვავება კიდევ უფრო დიდია. ჩვენთან 160-ჯერ ნაკლებია გარდაცვალება ერთ მილიონ მოსახლეზე, ვიდრე აშშ-ში და 200-300-ჯერ ნაკლები, ვიდრე იტალიაში, საფრანგეთში და ესპანეთში, უზარმაზარი განსხვავებაა.

თუ თქვენ იკითხავთ, რამდენად რეალურია ეს ციფრი იდენტიფიცირებულებთან და არაიდენტიფიცირებულებთან მიმართებაში, მინდა შევიტანო სიცხადე – ვარაუდი, რომ შესაძლოა, მოსახლეობის მეტი ნაწილი იყოს ინფიცირებული რეალურად, მათ შორის უსიმპტომო ფორმებით, ვიდრე დღეს ჩვენ ვიცით, სავსებით რეალურია. ყველა ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების გარდა, არსებობს დაუდასტურებელი შემთხვევების რაღაც რაოდენობა, მათ შორის, სავარაუდოდ, საქართველოშიც“ , – განაცხადა ცერცვაძემ ,,ტვ პირველზე”.