საქართველოში ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი სახელდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საქართველო გაერთიანებულია “კოვაქს” პლატფორმაში, სადაც შესაძლებელია, პირველი ეტაპისთვის მიიღოს “ფაიზერის” ვაქცინა.
“დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საბჭოა, როგორც შინაარსობრივად, ასევე ჩვენ შევდივართ COVID-19-ის მართვის ახალ ფაზაში და აქ წამყვანი როლი აქვს ვაქცინას. დღევანდელი საბჭო ეძღვნება ვაქცინის დაგეგმვის გეგმის შემუშავების დასრულებას. დოკუმენტის შინაარსში განვიხილეთ ვაქცინის გარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანა ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოხდეს. ამასთან დაკავშირებით მოხდა ასევე საკანონმდებლო ინიცირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, ასევე კომპონენტი ვაქცინის შემოტანის კუთხით, ტექნიკური მზაობის ჯაჭვის სრული შესწავლა მოხდა და ინვენტარიზაცია. ამასთან დაკავშირებით ასევე დოკუმენტში დეტალურად არის განხილული, თუ რა მზაობა არის ქვეყანაში. პერსონალის მზაობა და ტრენინგები ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების პროცესში. ვაქცინაციის ჯგუფებთან და პრიორიტეტებთანაც დაკავშირებით საბჭომ იმსჯელა და გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებულია. ჯგუფებთან მიმართებით დამატებითი მოსაზრებები არსებობს, ჯერ კიდევ შესაძლებელია გარკვეული ცვლილების შეტანა. რისკ-კომუნიკაცია, რაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუ როგორ მოხდება მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ასევე, მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის სრული ჩართულობა, რათა გაიზარდოს სანდოობა და ზოგადად, ამაღლდეს ცნობიერება, თუ რას ემსახურება ეს ვაქცინაცია, არის თუ არა ის მოსახლეობისთვის უსაფრთხო. რა შესაძლო გართულებები შეიძლება მოყვეს და ასევე, რა სარგებელი შეიძლება მოყვეს როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკის კუთხით”, – განაცხადა ტიკარაძემ.