გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია ახლა “ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს”, თუმცა მან უარი განაცხადა როგორც ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე, ისე ამნისტიაზე.
მისივე განმარტებით, ამნისტიის კანონის მიღება კონკრეტულად ნიკა მელიას გასათავისუფლებლად მოიფიქრეს.
“ნიკა მელიამ და ნაციონალურმა მოძრაობამ, ნაცვლად იმისა, რომ ეს დახმარება მიეღო, უარი გამოაცხადა არა მარტო ევროკავშირის გარანტიით გამოსვლაზე 72 საათში, ანუ ფაქტობრივად, ახლა ნიკა მელია ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს, არამედ გვამუნათებს იმ ხალხს, ვინც ვაპირებთ ამ შეთანხმების შესრულების მიზნით მხარი დავუჭიროთ ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნიკა მელიასთვის არის მოფიქრებული, არანაირი პოლიციელისთვის, სხვა ადამიანისთვის, არამედ კონკრეტულად ნიკა მელიასთვის. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სხვა გზა, ლელოს ინიციატივა თუ სხვა, არაფრით განსხვავდება მისთვის შეთავაზებული ინიციატივებისგან“, – განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.