შსს “გმობს” ჟურნალისტებზე ძალადობას

შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობის ნებისმიერ ფორმას.

უწყების განცხადებით, მოძრაობა “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

აქციის მონაწილეების მხრიდან თბილისში, ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისიდან დროშის ჩამოხსნის, განადგურებისა და ინვენტარის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო, ასევე, გამოძიება.

მათივე განცხადებით, გამოძიება დაიწყო რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე.

“აღნიშნულ ფაქტებზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, შესწავლილი იქნება ინციდენტების ამსახველი ყველა მასალა.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ არსებული რისკების გათვალისწინებით ითანამშრომლონ პოლიციის თანამშრომლებთან, გაითვალისწინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებები და რეკომენდაციები.

დედაქალაქის ქუჩებში საპოლიციო ძალები მობილიზებული რჩებიან და განაგრძობენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”,– წერია შსს–ს განცხადებაში.