ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს.
ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით.
კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
„ვენეციის კომისია ამ კანონის მისი ამჟამინდელი ფორმით გაწვევის მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, ვინაიდან, მისი ფუნდამენტური ნაკლოვანებები მნიშვნელოვან ნეგატიურ შედეგებს მოიტანს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებისთვის, პრივატულობის უფლებისთვის, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებისთვის, ისევე როგორც დისკრიმინაციის აღკვეთისთვის. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე”, – ნათქვამია დასკვნაში.
ამასთან, ვენეციის კომისია ხაზს უსვამს კანონპროექტის მიღების პროცედურას და წუხილს გამოთქვამს, რომ პროცედურამ გულწრფელი დისკუსიისთვისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა.
კომისია აღნიშნავს, რომ პროცედურების „ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს“ არ აკმაყოფილებს.
კომისიის დასკვნაში ნათქვამია:
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოთხოვნის საფუძველზე, ვენეციის კომისიამ კანონი დაჩქარებული პროცედურის მიხედვით შეაფასა. კომისია, მწუხარებას გამოთქვამს რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მის მოსაზრებას კანონის მიღებამდე, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებებისა.დასკვნაში გაანალიზებულია კანონის შესაბამისობა მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან. იგი ასკვნის, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია, ვინაიდან ის ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით განსაზღვრულ მკაცრ ტესტს შეესაბამებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს, ასევე როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს.
კანონი, რომელსაც თითქოსდა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფის მიზანი აქვს, სტიგმატიზაციის, გაჩუმებისა და საბოლოოდ გაუქმების ობიექტური რისკის ქვეშ დააყენებს იმ ასოციაციებსა და მედიას, რომლებიც თავიანთი სახსრების თუნდაც მცირე ნაწილს უცხოეთიდან იღებენ. წარმოიშობა დიდი რისკი იმისა, რომ ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ ის ასოციაციები და მედია, რომლებიც კრიტიკულნი არიან ხელისუფლების მიმართ, შესაბამისად მათი გაუქმება უარყოფითად იმოქმედებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
ვენეციის კომისია დაჟინებით ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას უცხოური მხარდაჭერის მიმღები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიისა და მაუწყებლების რეგისტრაციის, ანგარიშგებისა და საჯაროდ გამოქვეყნების სპეციალურ რეჟიმზე, მათ შორის ადმინისტრაციულ სანქციებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე მოიცავს დებულებებს, რომლებიც კანონში გათვალისწინებულ ორგანიზაციებს უწესებენ დარეგისტრირებისა და ანგარიშგების ვალდებულებას, მათ შორის მათი დაფინანსების წყაროების შესახებ, დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ არ იქნება არსებული ვალდებულებები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საკმარისი, მოწოდებული არ ყოფილა.
იმ შემთხვევაში, თუ არსებული დებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს არსებული კანონების ცვლილება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. კერძოდ, თუ არსებული კანონმდებლობა არ აღმოჩნდება ადეკვატური, უცხო ქვეყნების სახელით რეალური წარმომადგენლობითი (ლობისტური) საქმიანობა შეიძლება დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
გარდა ამისა, ვენეციის კომისია წუხს, რომ ეს კანონი, რომელიც არის ადამიანის უფლებების მიმართ მგრძნობიარე და ასევე ძალზე საკამათო ქართულ საზოგადოებაში, რასაც ცხადყოფს მასიური რეაქციები ქვეყანაში, მიღებულ იქნა ისეთი პროცედურით, რომელიც არ ტოვებდა სივრცეს ჭეშმარიტი განხილვისა და მნიშვნელოვანი კონსულტაციებისთვის და ღიად უგულებელყოფს ქართველი ხალხის დიდი ნაწილის უკმაყოფილებას. საქმის წარმოების ეს ფორმა არ აკმაყოფილებს დემოკრატიული კანონშემოქმედების ევროპულ მოთხოვნებს, ასკვნის ვენეციის კომისია.
ვენეციის კომისია და საქართველო“