“ვერ ახერხებენ მოწმეები ცრუ ჩვენების მიცემაში წინასწარ კარგად ავარჯიშონ “- ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ფაქტობრივად, პროკურორები მოწმეების ნაცვლად იძლევიან ჩვენებებს.
“საინტერესოა, რომ პოლიციელს, რომელიც სპეციალურ აღჭურვილობაში იყო, ჰქონდა სპეციალური “კასკა”, რომელიც ყურებს ფარავს – ასე აგვიხსნა მოწმემ, მას მელია არ უნახავს 5 მეტრზე ახლო დისტანციაზე, აქციაზე იყო უამრავი ადამიანი, ხმაური და თურმე, ამ პოლიციელმა, იმ პირობებში, როცა მინიმუმ, ადამიანების 5 ზოლი იყო მასსა და მელიას შორის, გაიგო მელიას სიტყვები, მაგრამ სხვა არავის სიტყვები არ გაუგია ამ აქციაზე, დემონსტრანტებს ვგულისხმობ. არც მაჩალიკაშვილის სიტყვები გაუგია, რომელიც არათუ დაინახა, არამედ მის წინ იდგა და თქვა, საერთოდ, თავზე გადამახტაო, იმის ხმაც ვერ გაიგო, რაც ცხადია, ლოგიკურია, რადგან ვერ გაიგებდა. ტყუილია, მელიას ნაწილში, რომ მან მელიას მიერ ნათქვამი რამე სიტყვა გაიგო. გარკვეულწილად, სასაცილო არის ბრალდების მხარე ამ პროცესზე, როგორც ჩანს, ვერ ახერხებენ კარგად ავარჯიშონ მოწმეები ცრუ ჩვენების მიცემაში წინასწარ, ამიტომ, სასამართლო სხდომაზე სვამენ კითხვებს, კითხვების შესავალში მათთვის სასურველ პოზიციას და პასუხებს აჟღერებენ, ანუ ფაქტობრივად, პროკურორები იძლევიან მოწმეების ნაცვლად ჩვენებას. სამწუხაროდ, სასამართლოც ამ ყველაფერს უშვებს დარბაზში”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.