ნაციონალური მოძრაობის წევრ, გია ბარამიძე აცხადებს, რომ პატივისცემის მიუხედავად, ვერ გაიგო რა კავშირი აქვს ზურა ჭიაბერაშვილს ნაციონალურ მოძრაობასთან და მის თავმჯდომარეობასთან.
მისივე თქმით, ყველა იმ ადამიანს, ვინც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მაშინ გავიდა როცა პარტიას უჭირდა, „ალბათ, უნებლიეთ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმა გამოუვიდა“.
„ამ ფაქტიდან გამომდინარე, ვფიქრობ ზურასთვის უპრიანი მთლად არ უნდა იყოს ამ პაექრობაში ჩართვა.
ის ნაწილი, რაც ჩვენ სამუშაო ჯგუფში გავიარეთ გულისხმობს იმას, რომ კანდიდატად ოფიციალურად რომ დარეგისტრირდეს პირი, პოლიტიკური საბჭოს 5 წევრის რეკომენდაცია სჭირდება და ასევე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანება. თუ ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს ადამიანი, ფორმალურად ყველას შეუძლია, მაგრამ აქ მხოლოდ ფორმალურ მხარეზე ხომ არ არის საუბარი. საუბარია პოლიტიკურ და მორალურ მხარეზე. არსებობს ამ ქვეყანაში რაღაცები რაც „მოსულა“ და რაც არ „მოსულა“. მე ვფიქრობ, რომ არ „მოსულა“.
მე იმ განცხადებას ვგულისხმობ, როცა დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“ იმ დროს, როცა ბიძინა ივანიშვილს ამოცანად გაცხადებული ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება. შესაბამისად, მაშინ იმ ნაბიჯის გადადგმა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს იმ კონტექსტში, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩაჩოჩებაზე იყო მთავარი ამბავი, უბრალოდ ამ ისტორიიდან გამომდინარე უხერხულია. ისე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა. არავინ არავის არაფერს უკრძალავს და ვერ უკრძალავს. ერთი არის პირადი დამოკიდებულება, ერთი არის მეგობრობა და მეორე არის პოლიტიკური სწორი და არასწორი ნაბიჯები. ერთმანეთისგან ეს უნდა გავყოთ“, – განაცხადა ბარამიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ზურაბ ჭიაბერაშვილის უკან დავით კეზერაშვილი ხომ არ დგას, ბარამიძე ამბობს, რომ „ყველაფერს შეიძლება ადგილი ჰქონდეს, მაგრამ ბუნებრივია, ამის საფუძველი, რომ ვინმემ ეს ამტკიცოს ჯერჯერობით არ არსებობს“.
„ამიტომ უსამართლო ვინმეს მიმართ არ უნდა ვიყოთ. გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ამ წუთას ამის ნიშნებს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ბარამიძემ.