“ახლა ბუმერანგივით გვხვდება საკუთარი შეცდომები თავში.
ახლა, როცა უკრაინის და მოლდოვის მატარებელი წავა და ჩვენ შეიძლება ჩამოვრჩეთ, მაშინ როცა ერთ დროს, ორთქმავალი ჩვენ ვიყავით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბრაზი სწორად მივმართოთ – საკუთარი თავებისკენ.მე ბიძინაზეც არ ვბრაზობ, ბიძინა ისაა რაცაა – საბჭოთა მენტალიტეტის, გაუნათლებელი მაგრამ ვერაგი კაცი. მას ჩვენთვის არაფერი დაუმალავს – გვითხრა რომ საქართველო და ქართული ტრადიციები იმად წარმოუდგენია რადაც ასავალ დასავალს.
ეს მან გაჭრილად თქვა (როგორც პუტინი ამბობდა გაჭრილად რა სურდა და არ უსმენდნენ) – უბრალოდ მერე ევროპული მარილი მოაყარა მათთვის, ვისაც სჭირდებოდა ეს ილუზია, რომ მის ძალაუფლებას საფრთხე არ შექმნოდა.
ვერ გამოუვიდოდა ბიძინას საქმის აქამდე მოყვანა ჩვენ რომ შეგვძლებოდა და დემოკრატიული ღირებულებების გარშემო დავლაგებულიყავით.
ვერ გამოუვიდოდა ბიძინას ეს მისი პროდასავლური დეკორაციები რომ 2013 წელსვე მიმხვდარიყვნენ რომ იანუკოვიჩის ტრაექტორიით მიდის და განგაში აეტეხათ – როცა პოლიტიკური ოპონენტების განადგურება დაიწყო.
ვერ გამოუვიდოდა ბიძინას ეს 2016 წელს რომ სააკაშვილი სამარცხვინოდ არ მოქცეულიყო და საკუთარი ჰალუცინაციებისთვის პარტია არ გადაეყოლებინა.
ვერ გამოუვიდოდა ბიძინას ეს, ოპოზიციური მედია რომ სააკაშვილს არ აყოლოდა დემოკრატი კონკურენტების გაქრობის ამოცანაში.
ვერ გამოუვოდოდა ბიძინას ეს, ევროპულ საქართველოს რომ 2017 წელს ნათქვამი ფუნდამენტური განსხვავებები სრული დეგრადაციის გზაზე შემდგარ ნაცმოძრაობასთან, საქმედ ექცია და პარტიის ლიდერები, ლიდერების ნაცვლად მაჩანჩალა კონფორმისტები არ აღმოჩენილიყვნენ.
ვერ გამოუვოდოდა ბიძინას ეს, ვინც ამაზე ვჩხუბობდით, უფრო ხმამაღლა და ეფექტურად რომ აღვდგომოდით წინ პოლიტიკური კლასის დეგრადაციას!ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ეროვნული მარცხიდან, რომელიც გვიახლოვდება, სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და ბრაზიც სწორად მივმართოთ – საკუთარი თავებისკენ!
შეცდომები ერთი დანაშაულია, მაგრამ თუ შეცდომიდან დააკვნა ვერ გამოვიტანეთ – 100 ჯერ დიდი დანაშაულია.პ.ს. ვინც ჩვენსავით ფიქრობთ, მარცხს ინფანტილურად სხვას არ აბრალებთ, არ დაღლილხართ და დანებება არ გინდათ, ყველას გაგიცნობდით – სიამოვნებით ვიბრძოლებ თქვენთან ერთად ვითარების გამოსასწორებლად.”
ამის შესახებ, „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.