ვთავაზობთ, სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
“ვთავაზობთ რომ იგი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის მისი ადგილი, სადაც მისი უსაფრთხობა და ჯანმრთელობა, სახელმწიფოს მხრიდან, მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ვიცავთ არა მხოლდო სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი იქნება გადაყვანილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე”, – ამბობს ბრეგაძე.
გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. სააკაშვილმა ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად მწვავედ აფასებენ.