ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მოგების შემდეგ ოჯახური ძალადობის საქმეზე სასამართლო პროცესში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა. პირველ სასამართლო სხდომაზე მისი ყოფილი ცოლის ნათესავი დაიკითხა მოწმედ, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნელი დოროყაშვილის წყვილის ოფიციალურ განქორწინებამდე მათ ოჯახში მომხდარი ძალადობის ამბავი, გაიხსენა, რომელსაც თავად შეესწრო. მოწმე, რომელიც ადასტურებს ძალადობის ფაქტს, ჩოგბურთელის ყოფლი ცოლის ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილი, ეკატერინე ფირცხალაიშვილია. როგორც მოწმე ამბობს ძალადობას ის 2017 წელს შეესწრო ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშვილის სახლში თუმცა მოწმის თქმით ფიზიკურ ძალადობას არ შესწრებია.
“ნიკოლოზი ძალიან ხშირად იმყოფებოდა საზღვარგარეთ და მათი თანაცხოვრების მრავალწლიან პერიოდში სულ ალბათ სამჯერ თუ მეყოლება ნანახი. ვფიქრობდი და მეგონა, კარგი და შეხმატკბილებული წყვილი იყვნენ, ნეკა არასოდეს არ საუბრობდა მის პრობლემებზე, ყოველ შემთხვევაში ჩემთან. შეიძლება იმიტომ, რომ მე მისი ოჯახის წევრი ვარ და არ უნდოდა, რომ ოჯახში განხილვის საგანი ყოფილიყო მისი პირადი ურთიერთობა” – ასე დაიწყო ეკატერინე ფირცხალაიშვილმა ჩვენება, შემდეგ კი მოყვა, რომ მას არც ამ შემთხვევამდე და არც ამის შემდეგ არაფერი სმენია ბიძაშვილის ოჯახური პრობლემების შესახებ.
ეკატერინე ფირცხალაიშვილი ჰყვება, რომ 2017 წლის იმ საღამოს ბიძაშვილთან საღამოს, სამსახური შემდეგ მივიდა სტუმრად. ნელის, ნიკას და მათი პატარა შვილის გარდა, მათ კიდევ ორი სტუმარი იმყოფებოდა – ნიკას ძმა და კიდევ ერთი ნათესავი. სიტუაცია იმ მომენტიდან დაიძაბა, როდესაც ბავშვის დაძინების დრო მოვიდა.
“ნეკამ, რომელიც ბავშვს აძინებდა, დაუძახა ნიკას და შეიყვანა ოთახში. ნიკა რომ გამოვიდა ოთახიდან, გვითხრა რომ ბავშვი ჭირვეულობს, ვერ იძინებს და იქნებ აღარ გვეხმაურა. ამ ნათქვამის შემდეგ თენგო , ნიკას ძმა და მათი ნათესავი ადგნენ და გადაწყვიტეს წასვლა. ნიკამ შემოგვთავაზა გადაგვენაცვლა სამზარეულოში, რომელიც ცოტა მოშორებით იყო საძინებლისგან და ხმაურს აღარ გაიგებდნენ, ან ქვემოთ ჩასულიყვნენ და იქ ერთად ეჭამათ. თენგომ და ბექამ დატოვეს სახლი, კარი ხმაურიანად გაიხურეს. არ ვიცი სპეციალურად თუ შემთხვევით.
ნიკა შემობრუნდა, შევიდა ნელისთან ოთახში და დაიწყეს ამ თემაზე კამათი, კამათი შეიძლება შესუსტებული ნათქვამი იყოს. ხმამაღალი ლაპარაკი, სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო ნიკას მხრიდან, ჩხუბი და ასე შემდეგ. ბავშვი ამ დროს მიძინებული იყო თუ უბრალოდ იმ მომენტში მიჩუმებული, ხმაურზე დაიწყო ტირილი. ნიკას მხრიდან რაც გავიგე ის იყო, სტუმრები რატომ გაუშვა და ნეკას მხრიდან, რაც გავიგე, ნეკა უხსნიდა, რომ მისი მიზანი არ იყო სტუმრების გაყრა. ჩხუბის თემა იყო, რომ თავის საქციელით ნეკამ აიძულა სახლიდან წასულიყვნენ, არადა, არ იყო ეგრე.
ნიკა ძალიან გაღიზიანდა, რომ მისი სტუმრები წავიდნენ სახლიდან. შემდეგ ამ ყვირილზე, მივეცი თავს უფლება, შევსულიყავი მათ ოთახში, ბავშვის ტირილის ხმა რომ მესმოდა. ჩემთვის ვიჯექი აქეთ, ბავშვის ტირილზე შევედი და ლუკასი გამოვიყვანე ოთახიდან. მათი ოთახის კარი გამოვხურე, მათი ჩხუბის და სიტყვიერი შეურაცხყოფების მოსმენა ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა.
ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი, ჩემ თვალში ეს წყვილი იყო ერთ-ერთი საუკეთესო წყვილი, მეგონა რომ ზღაპრული ოჯახი ქონდათ და ეს სტერეოტიპი ამ დღის შემდეგ დამემსხვრა.” – ეს არის ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილის მონათხრობის პირველი ნაწილი. შემდეგ ის ჰყვება, რომ ცოლთან ჩხუბი ნიკოლოს ბასილაშვილმა იმის მერეც გააგრძელა, რაც მან მათი ოთახიდან ბავშვი გამოიყვანა.