“ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას შეჩერებულ სასამართლო და საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების საფუძველშია.”- ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს წერილით პასუხობს.
“მინდა მადლობა გითხრათ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებული 9 დეკემბრის წერილისთვის.
ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას შეჩერებულ სასამართლო და საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების საფუძველშია.
რეფორმების დროული მიღება და გატარება რჩება საქართველოს დემოკრატიის და მდგრადობის შენების გზაზე ხელშესახები პროგრესის და საქართველოს პოლიტიკური სისტემის დამაზიანებელი პოლარიზაციის დასრულების საუკეთესო საშუალებად.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სასამართლო სექტორსა და დემოკრატიულ რეფორმებს. რამდენადაც პასუხისმგებლობა პირველ რიგში მთავრობას აკისრია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად იმუშაონ დეესკალაციასა და რეფორმების კონსტრუქციული დღის წესრიგის მიყოლაზე.
როგორც ეს 15 დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციაშია გაწერილი, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებს და სიღრმეს სხვა ასპექტებთან ერთად განსაზღვრავს რეფორმების გატარების ტემპი და მათი ხარისხი.
ევროკავშირის პირობითობა და სტიმულის მიცემაზე დამყარებული მიდგომა (მეტი მეტისთვის და ნაკლები ნაკლებისთვის) ყველაზე მეტი სარგებლის მომტანი იქნება იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც რეფორმების გატარების ერთგული რჩებიან. ეს იყო ევროკავშირის ნათელი გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის სასარგებლოდ გააგრძელებს ევროკავშირის და საქართველოს ასოცირების შეთანხმებაზე დაფუძნებული ამბიციური რეფორმების მხარდაჭერას.
პატივისცემით,
ჯოზეფ ბორელი”- ნათქვამია წერილში.