“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი, თემურ ჭყონია ხეპრეს უწოდებს პორტუგალიელი ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც კოკა კოლაზე საჯაროდ უარი თქვა და პრესკონფერენციის დროს კოკა–კოლას ბოთლები გვერდით გაწია.
ამ თემაზე კომენტარი ჭყონიამ ბიზნეს ფორმულას მისცა.
“ვითომ რაღაც გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო. ჯერ ერთი, უწესობაა მაშინ, როცა მთელი ჩემპიონატის სპონსორია “კოკა-კოლა”. მეორეც, არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ელვის პრესლი უკეთებდა რეკლამას “კოკა-კოლას” და ვინ არის რონალდუ ელვის პრესლისთან? ნული. მისი დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ და ახლა დამთავრებულია მისი საქმე ჩემს თვალში. ვითომ მაგარია. მაგასაც ვნახავთ, ჩემპიონატი რომ დამთავრდება, როგორი მაგარია”,- განაცხადა თემურ ჭყონიამ businessformula.ge-სთან საუბრისას.
მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატის წინასამატჩო პრესკონფერენციის დროს, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ კოკა-კოლას ბოთლები კამერებისგან მოშორებით დადგა და შეკრებილ საზოგადოებას წყლის დალევისკენ მოუწოდა, გამაგრილებელი სასმელების გიგანტის საბაზრო ღირებულება 4 მილიარდი დოლარით შემცირდა, თუმცა ამ კრიზისს არ უკავშირებენ რონალდუს ქმედებას და როგორც “გარდიანი” წერს, ყოველივე უბრალოდ ერთმანეთს დაემთხვა.