ვიმედოვნებ, რომ პირველი ივნისიდან ჩვენი კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი იმედოვნებს, რომ პირველი ივნისიდან მისი კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს და ჩვეულ რეჟიმზე გადავა. მისი თქმით, კლინიკაში 6-7 დღეა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ მიუღიათ.

“შემოვიდა ახალი ბრიგადა, იმედია ეს ბოლო იქნება ჩვენი კლინიკისთვის და პირველი ივნისიდან ვიმედოვნებთ, ძალიან მინდა როგორც მე ასევე მთელ საქართველოს, რომ ჩვენმა კლინიკამ კოვიდთან ბრძოლა შეწყვიტოს და გადავიდეთ ჩვეულებრივ რეჟიმში და მოვემსახუროთ ჩვეულებრივ პაციენტებს,” – თქვა რატიანმა.

რატიანი აღნიშნავს, რომ პირველმა საუნივერსიტეტო კლინიკამ 10 მარტიდან ამ დრომდე კორონავირუსის 1500-მდე საეჭვო შემთხვევა მიიღო, აქედან 163 იყო კოვიდდადასტურებული, 125-მა დატოვა კლინიკა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში 47 პაციენტი მკურნალობს. მათგან კოვიდინფიცირებული 38 პაციენტია და 1 მძიმე პაციენტი რჩება.

საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 393. გარდაცვლილი – 12.