ვინ აიცრება 29 250 დოზა ვაქცინით, რომელიც საქართველოში თებერვალში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მიიღო საბოლოო დასტური, რომ ქვეყანაში თებერვლის შუა რიცხვებისთვის Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა შემოვა.

„თებერვლის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე ქვეყანაში შემოვა Pfizer-ის ვაქცინების პირველი პარტია – 29 250 ერთეულის ოდენობით, რაც განკუთვნილი იქნება ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის. ჯანდაცვის სფერო პირველი ჯგუფის პრიორიტეტია, რომლის აცრაც მოხდება. ვაქცინაცია შემდეგ უკვე დანარჩენი პრიორიტეტული ჯგუფებისთვის გაგრძელდება.

ძალიან დიდი მიღწევაა ის, რომ ქვეყანა პირველ დოზებს მიიღებს იმაზე ადრე, ვიდრე ეს ბევრ სხვა ქვეყანაში მოხერხდა. ძალიან მალე დავიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და შემდეგ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ დამატებითი დოზების მობილიზებაც მოხდება ცნობილი ვაქცინებიდან. ანუ, გარკვეული რაოდენობით დაემატება „ასტრაზენეკა“ პირველი Pfizer-ის ვაქცინას. ასევე არის მოლოდინი, რომ დამატებითი ვაქცინები, რომელთაც წარმატებული შედეგები აქვთ ეტაპობრივად დაემატება იმ შესაძლებლობას, რასაც დღეს გვთავაზობენ ვაქცინაციის პროგრამები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ქუთაისის, ბათუმის და თბილისის დიდ კლინიკებში ჩატარდება, რადგან ვაქცინის რაოდენობიდან გამომდინარე ასაცრელი ჯგუფი მცირეა.