ვინ გამდიდრდა კრიზისის დროს: კორონავირუსის პანედმიამ ტექნოლოგიური გიგანტების გავლენა და ფასი გაზარდა

მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ კარანტინშია. ადამიანები სახლებში სხედან და ნაკლებ ფულს ხარჯავენ, რის გამოც ბევრი კომერციული კომპანია გაკოტრების ზღვარზეა.

თუმცა მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მთავარი გიგანტები, როგორც ჩანს გლობალური კრიზისიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვლენ. უფრო მეტიც, შესაძლოა საბოლოო ჯამში კრიზისმა ისინი კიდევ უფრო გააძლიეროს და მათი გავლენა გაზარდოს.

ამ დღეებში ცნობილი გახდა კომპანია Alphabet–ის ფინანსური შედეგები, რომლის საკუთრებაა Google. გამოქვეყნდა კომპანიების: Apple, Facebook და Amazon–ის ანგარიშებიც.

ბევრი თვლის, რომ ეს ოთხეული, რომელსაც მათი დასახელების პირველი ასოებისგან შემდგარ სახელს, GАFА–ს უწოდებენ მეტისმეტად მაღლა აფრინდა და დრო მოვიდა მათ ფრთები შეუკვეცონ.

გუგლი და ფეისბუქი პრაქტიკულად მთლიანად სარეკლამო შემოსავლებზე არიან დამოკიდებული. ბევრი კომპანია პანდემიის დროს სარეკლამო ბიუჯეტებს ამცირებს და შესაძლოა გვევარაუდა, რომ ინტერნეტ გიგანტებისთვისაც რთული დრო დადგებოდა.

Alphabet–ის ხელმძღვანელმა, სუნდარ პიჩაიმ ისაუბრა მარტის თვეში მოულოდნელ და მნიშვნელოვან კლებაზე სარეკლამო შემოსავლებში, თუმცა კომპანიის აქციების ფასი მაშინვე სწრაფად გაიზარდა, როგორც კი ფირმამ ივარაუდა, რომ სიტუაცია გაუმჯობესებას იწყებდა.
ფეისბუქმა განაცადა, რომ პანდემია გავლენას ახდენს მის სარეკლამო ბიზნესზე და კომპანიის კვარტალური მოგება ნელა იზრდებოდა, ვიდრე სხვა დროს. თუმცა არ ყოფილა მკვეთრი ვარდნა, რომელსაც მედია –გაზეთები და კომერციული მაუწყებლები შეეჯახნენ, რომლებიც ასევე რეკლამაზე არიან დამოკიდებული.

ეფლში ელექტრონიკის გაყიდვა შემცირდა, მათ შორის iPhone –ების, სამაგიეროდ გაიზარდა შემოსავალი ინტერნეტ მომსახურებებიდან.

მკვეთრად გაიზარდა ამაზონის ონლაინ გაყიდვები. სტაბილურად იზრდებოდა კომპანიის შემოსავლები ქლაუდ მომსახურებიდან, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს ისიც ვერ გაექცა.

კომპანიის ხელმძღვანელმა, ჯეფ ბეზოსმა ინვესტორები გააფრთხილა, რომ მაღალი დივიდენდების იმედი არ უნდა ქონდეთ, რადგან მოგება ახლა მისთვის პრიორიტეტი არ არის.

წარსულში ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად შემდეგი სტრატეგიის ხარჯზე იქცა: “ხარჯვა, ხარჯვა, ხარჯვა, რომ ზრდას მიაღწიო“. დღეისათვის ყველა საფუძველი არსებობს იმის საპროგნოზოდ, რომ მისი კომპანია კრიზისიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა.

Microsoft–ის ხელმძღვანელმა, სატია ნადელამ ამ კვირას განაცხადა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია, რომელსაც ორი წელი უნდა დასჭირვებოდა ორ თვეში მოხდა.

კომპანიას ამ დროისთვის ძალიან კარგი შედეგები აქვს. მისი თქმით, ევოლუციური ციკლის დაჩქარებამ, რომლის წყალობით კომპანიები ასეთი ძლევამოსილები გახდნენ, შესაძლოა მათი დომინირება გაზარდოს.

ბარაკ ობამას ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი, ჯეისონ ფურმანი ყველას მოუწოდებს მაღალი ტექნოლოგიების სფეროს გიგანტები უფრო მკაცრად და საგულდაგულოდ დაარეგულირონ. ის ამბობს, რომ კრიზისის გამო მათზე ზეწოლა შესაძლოა შემცირდეს.

“თუ ეს მათ შემდგომ კონსოლიდაციას და მათ კიდევ უფრო გამყარებას, ასევე მათზე სამართლებრივი ზეწოლის შემცირებას გამოიწვევს, მომავალში შესაძლოა კიდევ უფრო დიდ ეკონომიკურ პრობლემას წავაწყდეთ“– ამბობს ის.

ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ აშშ–ს და ევროპის ქვეყნების ეკონომიკებმა საშინელი შედეგები აჩვენეს. თუმცა ამასთან აქციების მსხვილი შესყიდვებიც მოხდა, ამერიკულმა ფასიანმა ქაღალდებმა კი ბოლო 30 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს.

ეს ძირითადა იმით არის განპირობებული, რომ ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, ამაზონის და ნეტფლიქსის აქციების ფასი მარტის შუა რიცხვებიდან 40%–ით გაიზარდა.

აშშ–ს პრეზიდენტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დოუ–ჯონსის ინდექსი.
შესაძლოა ის ფაქტი, რომ ტექნოლოგიური კომპანიები მის შენარჩუნებას ახერხებენ, ტრამპის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი არგუმენტი გახდეს საიმისოდ, რომ მათ მიმართ მკაცრი შემზღუდავი ზომები არ გამოიყენოს.