უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების დელეგაციის წევრი, მიხაილო პოდოლიაკი BBC-სთან ინტერვიუში საუბრობს მოლაპარაკებების ფორმატებზე და მის მიმდინარეობაზე.
მისი თმქით, მოლაპარაკებები ონლაინ მიმდინარეობს და ბევრი საკონსულტაციო ჯგუფია ჩართული ამ პროცესში, ამის მისი სტრუქტურა რთულია.
“არის მოლაპარაკების ჯგუფი, რომელსაც ყველა იცნობს და არის ბევრი ჯგუფი, რომელიც მუშაობს სხვადასხვა ფორმატში. ჩვენი მხრიდან არიან პოლიტიკური მრჩევლები. ანდრიი ერმაკი, რომელიც მუშაობს სხვა ქვეყნების პოლიტიკურ მრჩევლებთან, რომლებიც შეიძლება იყვნენ გარანტორი ქვეყნები. ეს ღია პროცესია, რადგან ისინი ჩვენი პარტნიორები არიან. ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროს ომი იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც დაარღვია ომის პრინციპები, მისი მოტივები უცნობია და ზოგადად ქცევა ძალიან უცნაურია.
ამიტომ, პოლიტიკური მრჩევლები აქტიურად მუშაობენ საკონსულტაციო რეჟიმში. გარდა ამისა, არის იურიდიული ჯგუფები, რომლებმაც უნდა გადაამოწმონ ყველაფერი”,– ამბობს პოდოლიკი.
მისივე განმარტებით, ასევე არსებობს საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებიც აანალიზებენ, თუ როგორ აღიქვამს ამას უკრაინული საზოგადოება.
“იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციისგან განსხვავებით და ამას ჩვენ მოლაპარაკებებში ვხსნით, საზოგადოებასთან დიალოგის გარეშე [შეთანხმება] არ შეგვიძლია. ჩვენ ხომ სახელმწიფოსა და საზოგადოების თანაარსებობის ოდნავ განსხვავებული პრინციპი გვაქვს.
რუსეთს განსხვავებული დიზაინი აქვს – იქ შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი გადაწყვეტილება და საზოგადოებას აუხსნათ პროპაგანდის გზით. ჩვენ ამაზე ვერ წავალთ, ამიტომ ჩვენი ექსპერტთა ჯგუფები ამუშავებენ ყველაფერს, რომ საზოგადოებამ მიიღოს ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ამას ვერ განვახორციელებთ უსაფრთხოების ზოგად სახელმწიფოთაშორის გარანტიებში”,– განმარტავს პოდოლიაკი.
მისივე თქმით, რუსულ მხარეს მოლაპარაკებებიდან ხშირად გამოაქვს ამბავი და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ქმნის მოლაპარაკების პროცესზე, რათა უკრაინულ საზოგადოებაში რაიმე განცხადებების ან კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს.
პოდოლიაკი ხსნის, რომ მოლაპარაკებების დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა უკრაინის პოზიცია მკაფიოდ გააჟღერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელმაც თქვა, რომ კომპრომისი ვერ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დათმობა.
მისივე შეფასებით, რუსებმა დაუშვეს საბედისწერო შეცდომები, არასწორად შეაფასეს როგორც თავიანთი, ისე უკრაინის რესურსები, ახლა კი უჭირთ ამ სტერეოტიპების დამსხვრევა, რომელშიც 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.
“ამ პროპაგანდისტული ილუზიიდან გამომდინარე, მათ მიიღეს საბედისწერო გადაწყვეტილებები და დღემდე ვერ ეუბნებიან საკუთარ თავს: “ჩვენ ვცდებოდით”. ეს რთულია, ეს გავლენას ახდენს მოლაპარაკების პროცესზე, რადგან რეალური სამყარო უფრო ადეკვატურად და უფრო პრაგმატულად უნდა შეფასდეს.
მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, 25-დღიანი ომი, უკრაინის სტაბილურობა, რომელიც ძალიან პროფესიონალურად ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას ბრძოლის ველებზე, ამან მიიყვანა ისინი რეალობის უფრო ადეკვატურ აღქმამდე. ვერ ვიტყვი, რომ საბოლოოდ ხვდებიან სად, ვინ არიან, მაგრამ ეს გვაძლევს მეტ-ნაკლებად დიალოგის საშუალებას”,– ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი.
პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, მაგრამ ერთადერთი კითხვაა – როდის.