“ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რამე მოგვცენ..”- ასე ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმას უჩივლოს. ამის შესახებ, იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
“დაახლოებით ის რომ ვთქვა – “მე ქვევითა ვარ, შენ ზევით, როგორ აგიმღვრევ წყალსაო”. ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რამე მოგვცენ, აი, ასეთ სიტუაციაში ვართ. 3 თებერვალს თვითონ გამოაქვეყნა სია „კოვაქსის პლატფორმამ“ ყველა ქვეყნისა, ვის როდის უნდა მიეღო ვაქცინა. იყო პრეცენდენტი, როდესაც ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანამ ოფიციალურად უჩივლა, თუმცა შედეგი ჯერ-ჯერობით ისეთივეა როგორც ჩვენთან. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, იყო სხვა მოლაპარაკებებიც. მხოლოდ „კოვაქსის პლატფორმის“ 1.4 მილიონი დოზა, რომელიც კონტრაქტით წლის განმავლობაში უნდა მოგვაწოდონ არ იქნებოდა საკმარისი. გარდა ადრე გადახდილისა გადავრიცხეთ დამატებითი გადასახადიც, მაგრამ სხვა მწარმოებლებიც არიან, რომლებიც ჯერ არ არიან კოვაქსის პლატფორმაზე. კოვაქსის პლატფორმაზე რომ განთავსდეს ვაქცინა, მან უნდა მიიღოს ჯანმოს აღიარება, ეს არის იგივე ჩინური ვაქცინები, რომლითაც ჩილეს 17% იცრება. ასევე, ძალიან მაღალი მოცვა აქვს არაბთა გაერთიანებულ ემირატებს, სადაც ასევე ჩინური ვაქცინით დაიწყეს ვაქცინაცია. შეგვექმნა სიტუაცია, რომ სხვა გზებიც უნდა ვეძებოთ და დიდი ხანია მუშაობა მიდის. შეიძლებოდა ჩინური ვაქცინაც ქვეყანაში გაცილებით ადრე ყოფილიყო შემოსული, თუმცა ჯერ არ მიუღიათ ჯანმოს რეკომენდაცია. ვაქცინის შემოტანის ერთ-ერთი პირობაა, რომ საჭიროა ჯანმოს აღიარება”, — თქვა მან.