არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ გარეჯის მონასტერს! – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა.
„პრინციპულად არ ვეთანხმები ასეთ დამოკიდებულებას, რასაც დღეს ვხედავთ. დავით გარეჯის უდაბნო იყო ყოველთვის საქართველო, ყოველთვის ქართული მონასტერი იყო და ეს მიწა ყოველთვის ქართული მიწა იყო. მცდელობა – ვიღაცას გადავაბრალოთ, რომ რუკა დამალა ვიღაცამ ფული აიღო, არაფერი აქედან არ გამოვა. ეს არის პირდაპირი აგრესია, მე ასე ვხედავ, თუმცა, არ ვიცი, საიდან და როგორ. სახარებაში წერია „არა არს დაფარული, რომელი არაგაცხადდეს“, ცოტა დრო გავა და ყველანი ყველაფერს გავიგებთ, ყველა გავიგეთ სოხუმი ვინ გაყიდა, გაგრა ვინ გაყიდა, ვინ აიღო ამაში ფული, ვინ არის მოღალატე. ეს ყველაფერი გაცხადდება. ახალგორი რატომ დავკარგეთ, კოდორის ხეობა სულ ცოტა ხნის წინ, ან აფხაზეთი და ტაო-კლარჯეთი?! დადგება დრო და საქართველო ამ ტერიტორიებს აუცილებლად დაიბრუნებს. ჩვენი ბრალია ყველაფერი, ჩვენ არ ვვარგივართ, ქართველი ხალხი. ღმერთი ამ ყველაფერს მოგვცემს,როგორც თავიდან მოგვცა. გარეჯის უდაბნო ქართველების საკუთრებაა. დავით გარეჯელი ჩამოვიდა სირიიდან და შექმნა ეს საოცარი საუნჯე, საოცარი სამყარო და ამას ვერავინ წაგვართმევს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.