“მე ეს მოვისმინე ბრიუსელში, სადაც ამბობენ, რომ შესაძლოა საქართველოს მთავრობა შეგნებულად ამზადებს ნეგატიურ სცენარს, რათა აჩვენოს, რა ცუდი და არასანდოა ბრიუსელი. ცოტათი გამიკვირდა, როცა გავიაზრე, რომ მსგავსმა მოსაზრებამ აქ შემოაღწია, მაგრამ მაინც მგონია, რომ ბრიუსელი დადებითად არის განწყობილი და იმედს არ კარგავს, რომ საქართველოს მთავრობას ეს სტატუსი გულწრფელად სურს. თუმცა, ამავე დროს ვხედავ გარკვეულ ყოყმანს და დაბნეულობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზას ირჩევს საქართველო.
ჯოზეფ ბორელის ვიზიტში მოულოდნელი და გასაკვირი არაფერია, ასეთი ვიზიტები ნორმალურია, მაგრამ ამჯერად გასაკვირი ის არის, რომ ეს ვიზიტი წინასწარ არ გამოცხადებულა და როგორც ჩანს მოულოდნელად დაიგეგმა. ეს საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ ბრიუსელში ძალიან გაუკვირდათ ის, რაც ხდება სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. ისინი ყოყმანობდნენ, ჩასულიყვნენ თუ არა საქართველოში და ბოლოს, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ ჩასულიყვნენ. თავისთავად ეს ცუდი სიგნალია, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მსურველ ქვეყანაში გამგზავრებაზე ბრიუსელი ყოყმანობს. მე ვიცნობ ბატონ ბორელს და მგონია, რომ ის თბილისში მიდის პასუხების მისაღებად კონკრეტულ შეკითხვებზე, თუ რას გეგმავს საქართველოს მთავრობა და რეალურად სურთ თუ არა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ბრიუსელში ახლა გაფართოების შესახებ მოხსენების მომზადება სრულდება და აქ სჭირდებათ უფრო მეტი მკაფიოობა, თუ რა მიმართულებით მიდის საქართველო.”
აცხადებს ამის შესახებ, “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი “მთავარ არხთან” ინტერვიუში.