რამდენიმე წუთის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შესახებ, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
”მივიღე გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა ვაღიარო. ვთხოვ ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება. ამის შემდეგ სასწრაფოდ მომზადდეს გადაწყვეტილება ამ რესპუბლიკების დახმარებასთან დაკავშირებით. რაც სასწრაფოდ უნდა შევიდეს ძალაში და ამოქმედდეს. მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შედეგი მოვლენების განვითარებაზე და სისხლისღვრაზე, დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას. ამ გადაწყვეტილებებში რუსი ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს”, – თქვა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა, დონბასში არსებულ მძიმე ვითარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლეთსა და უკრაინას დააკისრა. მისი თქმით, დონეცკსა და ლუგანსკში ადამიანები “იმის გამო ისჯებიან, რომ რომ 2014 წელს მათ უარი თქვეს, მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფო გადატრიალებაში”.
შეგახსენებთ,რომ დღეს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულმა ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პურინტს თხოვნით მიმართეს, რომ აღიაროს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა, რომლებზე კონტროლი კიევმა 2014 წლის საბრძოლო მოქმედებების შემდეგ დაკარგა. რამდენიმე საათში კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებდა.