ვნახოთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე, რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს – კალაძე კრიმინალზე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოში კრიმინალის დონემ მოიმატა, ტყუილია.

მანვე აღნიშნა, რომ 2012 წლამდე კრიმინალური მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებული იყო.

„ეს არის ტყუილი. ყველაფერი არის შედარებითი. ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ ხოლმე, როდესაც წარსულს ვიხსენებთ. ვნახოთ, 2012 წლამდე რა ხდებოდა კრიმინალთან დაკავშირებით და გავაკეთოთ შედარება. ყველაფერი არის შედარებითი. აშკარად დავინახავთ, რომ რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. თუ იმას ვიტყვით, მოგვწონს არსებული სიტუაცია? რა თქმა უნდა, არა. გვინდა, ბევრად უკეთესი იყოს. ჩვენი ყოველდღიური მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს, რაც შეიძლება სწრაფად მოძლიერდეს ეკონომიკურად, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. ჩვენი ყოველდღიური მუშაობა მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი ძლიერი, როგორც განვითარებული ევროპული ქვეყანა”,- განაცხადა კალაძემ.