უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი 7 ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადებას სანქციების მუქარად აღიქვამს და ამბობს, რომ ევროპარლამენტში რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია.
“ძალიან ცუდი შედეგია, რომ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, ყველა პუნქტზე მზად ვიყავით რაღაც მცირე დაზუსტებებით ხელი მოგვეწერა. გაუგებარია ამ 7 ევროპარლამენტარის პოზიცია, იმის ნაცვლად, რომ იმაზე საუბრობდნენ, საიდან მოდის პრობლემა, რატომ ვერ შეთანხმდა ოპოზიცია და ხელისუფლება, იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუკი ევროკავშირს ეს 7 პარლამენტარი მიმართავს. ცნობისთვის, იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია”,– ამბობს გია ვოლსკი.
ის ვერშეთანხმებას მთლიანად ოპოზიციის პასუხისმგებლობად მიიჩნევს.
“[იპოზიციის] დანაშაულია ყველაფერი, რომ აქამდე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ეს არის რეალური სურათი და არა ის, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ სანქციები დააწესოს. არამგონია, რომ 7 პარლამენტარის განცხადებამ რაიმე იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არამარტო საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარები ითხოვენ საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებას და და პოლიტიკური მხარდაჭერის შეზღუდვას.
ისინი კრიზისზე პასუხისმგებლობას დიდ წილს მთავრობას აკისრებენ და მოუწოდებენ, გადაწყვიტონ მომავალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხები.