პარტია “საქართველოსთვის” წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ეხმიანება და “ქართული ოცნების” წევრებს “თანაუგრძნობს”.
მისი თქმით, მმართველი პარტია ყველანაირად ცდილობს, მათ როგორმე ზიანი მიაყენოს.
“არ ვთვლი საერთოდ საჭიროდ, რომ შინაარსობრივ პოლემიკაში შევიდე ამ საკითხთან დაკავშირებით, რამეთუ თვითონვე უწოდებენ ამ ყველაფერს შეთქმულების თეორიას. ჩვენ ეს მოვისმინეთ გუშინ ინტერვიუს დროს, ამიტომ შეთქმულების თეორიებზე საუბარი არასერიოზულია. აქვე მინდა ვთქვა, რომ ვუთანაგრძნობ “ქართულ ოცნებაში” იმ ადამიანებს, რომლებიც დარჩენილი არიან გუნდში, რომლებიც ამ ყველაფერს რეალურად აფასებენ და მათ უწევთ ამ ყველაფრის მოთმენა და ასე რომ ვთქვათ გაგებით რომ მოეკიდნონ”,- ამბობს ხოჯევანიშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ მათ წინააღმდეგ “ოცნების” ბრძოლა “დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდებით” მომავალში მოიმატებს.