ვუპი გოლდბერგს ჰოლოკოსტთან დაკავშირებული გამონათქვამის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია

მსახიობი და ტელეწამყვანი, ვუპი გოლდბერგი კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა და იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა მას შემდეგ, რაც განაცხადა რომ ჰოლოკოსტს არაფერი ჰქონდა საერთო ნაცისტების რასისტულ იდეოლოგიათან.

ტელეარხ ეიბისი–ზე გასულ ინტერვიუში ოსკაროსანმა მსახიობმა განაცხადა, რომ ებრაელების გენოციდი დაკავშირებულია თეთრი ადამიანების ერთი ჯგუფის არაადამიანურ დამოკიდებულებასთან მეორე ჯგუფთან, მაგრამ ამას რასობრივი საფუძველი არ ქონია.

მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მასობრივი და გეგმაზომიერი კამპანიის დროს, რომელიც თავს “უმაღლეს არიულ რასას“ უწოდებდა 6 მილიონი ებრაელი მოკლეს. ისტორიულად ცნობილია, რომ ჰიტლერი საკუთარ სიძულვილს ებრაელების მიმართ რასობრივი ტერმინებით ხსნიდა.

გადაცემაში საკითხის განხილვის საფუძველი ტენესის შტატში ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტი გახდა. ერთ–ერთ სკოლაში რომან–კომიქსი “მაუსი“ აკრძალეს, რომელშიც ხელით დახატული ნახატზე თაგვების სახით იყვნენ გამოსახულები ებრაელები, რომლებიც ჰოლოკოსტისგან თავის დახსნას ცდილობდნენ, ნაცისტები კი კატების სახით.

სკოლის საბჭოს გადაწყვეტილება იმით იქნა დასაბუთებული, რომ წიგნი უცენზურო ლექსიკას და შიშველ სხეულებიან ილუსტრაციებს შეიცავდა, რაც მოზარდებისთვის შეუსაბამოდ ჩაითვალა.

“მაკვირვებს, რომ წიგნში სწორედ სიშიშვლემ შეგაშფოთათ. პირველ რიგში ეს წიგნი ჰოლოკოსტზეა, 6 მილიონი ადამიანის მკვლელობაზე. ამან არ შეგაშფოთათ?“– თქვა გოლდბერგმა თოქშოუს დროს.

“მოდი გულახდილად ვთქვათ, ჰოლოკოსტი რასობრივ საკითხებს არ ეხება. არა, რასა არაფერ შუაშია“– დასძინა მან.

პროგრამის თანაწამყვანი, ჯოი ბეჰარი შეეცადა მსახიობს შეკამათებოდა და თქვა, რომ ნაცისტები ებრაელებს დაბალი რასის წარმომადგენლებად თვლიდნენ. თუმცა, გოლდბერგი დაჟინებით ამტკიცებდა საკუთარ პოზიციას:

“არა, რასა არაფერ შუაშია. საქმე ეხება ერთი ჯგუფის არაადამიანურ დამოუკიდებულებას მეორე ჯგუფთან. ეს არის თეთრი ადამიანების ორი ჯგუფი.“

დიალოგის კიდევ ერთმა თანამონაწილემ ხაზი გაუსვა, რომ ნაცისტები ებრაელებს თეთრკანიან თანასწორ ადამიანებად არ თვლიდნენ, რაზეც გოლდბერგმა უპასუხა:

“თქვენ მთავარს არ ამბობთ! როგორც კი რასიზმს ახსენებთ, ყველაფერი ამ სიბრტყეში გადაგყავთ. მოდი ვილაპარაკოთ იმაზე, რატომ მოხდა სინამდვილეში ასე. ეს არის ისტორია იმაზე, როგორ ექცევიან ადამიანები ერთმანეთს. ეს არის მთავარი პრობლემა“– შეეკამათა ვუპი გოლდბერგი.

შოუმ მსახიობის მონაწილეობით უმწვავესი კრიტიკა გამოიწვია, მათ შორის ჰოლოკოსტის შესახებ საშიში დეზინფორმაციის გავრცელების გამო. კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ თავად ჰიტლერი ღიად გამოხატავდა სიძულვილს ებრაელების მიმართ რასობრივ ნიადაგზე.

“რასიზმს ნაცისტურ იდეოლოგიაში ცენტრალური ადგილი ეკავა. ებრაელები განისაზღვრებოდნენ არა რელიგიით, არამედ რასით. ნაცისტური რასისტული შეხედულებები კვებავდა გენოციდს და მასობრივ მკვლელობებს“– აცხადებენ აშშ–ს ჰოლოკოსტის მუზეუმში.

კონსერვატორმა კომენტატორმა ბენ შაპირომ ტვიტერზე ციტატა გამოაქვეყნა ჰიტლერის წიგნიდან –“ჩემი ბრძოლა“ , რომელშიც ის პირდაპირ უწოდებს ებრაელებს ცალკე რასას.

კრიტიკის მზარდი ტალღის ფონზე ვუპი გოლდბერგი იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა.

“გადაცემაში მე ვთქვი, რომ ჰოლოკოსტი რასას კი არა ადამიანების ერთი ჯგუფის მეორე ჯგუფთან არაადამიანურ დამოკიდებულებას უკავშირდებოდა. არადა უნდა მეთქვა, რომ ეს ერთიც იყო და მეორეც. ებრაელები მთელ მსოფლიოში ყოველთვის ჩემი მხარდაჭერით სარგებლობდნენ და ეს არასოდეს გაქრება. მინდა ბოდიში მოვიხადო იმის გამო, რომ ჩემმა სიტყვებმა მათ ტკივილი მიაყენა“– დაწერა 66 წლის მსახიობმა ტვიტერზე.