ჩინეთის ქალაქ ვუჰანში COVID 19-ის გავრცელების გაშუქების გამო მოქალაქე ჟურნალისტი 4 წლით დააპატიმრეს. ჟურნალისტ ჩჟანგ ჩჟანს ბრალი ედება დაპირისპირების წახალისებასა და პრობლემების პროვოცირებაში.
37 წლის ყოფილი იურისტი ქალი მაისში დააკავეს. ის პროტესტის ნიშნად უკვე მრავალი კვირაა, შიმშილობს, თუმცა მისი ადვოკატის ცნობით, ციხეში ძალით აჭმევენ. მას თავისა და მუცლის მუდმივი ტკივილი აწუხებს.
ჟანი ერთ-ერთია იმ მრავალი მოქალაქე ჟურნალისტიდან, რომელიც იმავე ბრალდებით ვუჰანში მიმდინარე ამბების გაშუქების გამო დააკავეს.
ჟანგ ჟანი ვუჰანში თებერვალში ჩავიდა, რათა იქ არსებული მდგომარეობა გაეშუქებინა. სოციალურ ქსელებში ის ლაივში ერთვებოდა და აკეთებდა რეპორტაჟებს, რომლებიც მალევე ყურადღების ცენტრში მოექცა.
ჩინეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ქსელმა განაცხადა, რომ ჟურნალისტის რეპორტაჟები სხვა ჟურნალისტების დაკავებას და მათი ოჯახების შევიწროებას ეხებოდა.
ჟანგ ჟანი ვუჰანიდან 14 მაისს გაუჩინარდა, ერთი დღის შემდეგ გაირკვა, რომ ის 400 მილის მოშორებით, შანხაის პოლიციაში, დაკავებული ჰყავდათ.
ჟურნალისტს ბრალი ნოემბრის დასაწყისში წაუყენეს. ბრალდების მიხედვით, ჟურნალისტმა გაავრცელა ყალბი ინფორმაცია ტექსტის და ვიდეოს სახით ვი ჩათის, ტვიტერის და იუთუბის საშუალებით. ის ასევე ბრალდებულია ინტერვიუების ჩაწერისთვის უცხოური მედიისთვის და ვუჰანში ვირუსის შესახებ მავნებლური ინფორმაციის გავრცელებისთვის.
COVID-19 წინა წლის დეკემბერში თავდაპირველად სწორედ ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში გამოჩნდა.